ეთერზეთოვანი მცენარეები, მცენარეები, რომელთა ფოთოლი, ყვავილი, ფესვი და სხვა ორგანოები შეიცავენ აქროლად სურნელოვან ეთეროვან ზეთებს. იყენებენ ეთერზეთების მრეწველობაში, პარფიუმერიაში, მედიცინაში, კვების მრეწველობაში, კულინარიაში და სხვ. ე. მ. გავრცელებულია უმთავრესად ტროპ. და სუბტროპ. რ-ნებში. ეთეროვანი ზეთების შედგენილობა მეტად ცვალებადია არა მარტო სხვადასხვა სახეობის, არამედ ზოგჯერ ერთი და იმავე სახეობისა და ჯიშის სხვადასხვა ინდივიდშიც, რაც დამოკიდებულია ეკოლ. და აგროტექ. პირობებზე. ცნობილია ე. მ-ის 3000-მდე სახეობა. საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია და წარმოებაში გამოიყენება ევკალიპტი, ციტრუსები, დაფნა, გერანი, რეჰანი, ეთერზეთოვანი ვარდი, ჟასმინი, პიტნა, ქინძი და სხვ. აღნიშნული კულტურების პლანტაციები იყო აბაშის, სენაკის, გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, მარნეულის რაიონებში.
ე. ჩიქვანაია