მინდიაშვილი დიმიტრი გიორგის ძე (4. VI. 1933, თბილისი, – 24. V. 2021, კრასნოიარსკი, რფ), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), მწვრთნელი. სსრკ, საქართვ. და რუსეთის ფედერაციის დამს. მწვრთნელი, სსრკ სპორტის ოსტატი (1964), ოლიმპიურ თამაშებზე სსრკ და რუსეთის ნაკრებების მწვრთნელი (1972–2008; 2004 ოლიმპიადის გარდა). მისი აღზრდილები არიან ი. იარიგინი, ა. საიტიევი, ს. მურთაზალიევი და სხვ. სსრკ (1974, 1976) და რუსეთის XX ს. საუკეთესო მწვრთნელი. დააარსა კრასნოიარსკის უმაღლესი სპორტ. ოსტატობის სკოლა ჭიდაობაში (2008-იდან აკადემია ატარებს მის სახელს).
დაამთავრა კრასნოიარსკის პედ. ინ-ტი. იყო პედ. მეცნ. დოქტორი (1996), კრასნოიარსკის სახელმწ. პედ. უნ-ტის საპატიო პროფესორი (2008), წიგნების, სახელმძღვანელოებისა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი. რუსეთის განათლების აკადემიის წ.-კორ. (2004) და წევრი (2011). მიღებული აქვს კრასნოიარსკის საპატიო მოქალაქისა (2011) და რუსეთის ფედერაციის გმირის (2020) წოდებები, ფილას (Fila – Comite Mondial des Luttes Traditionnelles) ორი ოქროს ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Мастера большого ковра, Красноярск, 1993; Учебник тренера по борьбе, Красноярск, 1995