„მირიანი“, XVII ს. პროზაული ნაწარმოები, ზღაპრულ ფონზე გაშლილი მირისა (ჩინეთის მეფის, ხოსროვშას ძე) და ნომიავთაბის (მაღრიბის ხელმწიფის, ილაილის ასული) სამიჯნურო თავგადასავალი. მ. ბროსემ ეს ძეგლი ფრანგულად თარგმნა როგორც ქართ. ზღაპარი (პარიზი, 1836). ნ. მარმა და ა. გრენმა „მ.“ ვახტანგ VI-ს მიაკუთვნეს, თუმცა წყარო დადგენილი არ იყო. გაირკვა, რომ ქართ. ვერსია სპარსული ხალხ. დასთანის – „მეჰრ ო მაჰის“ („მზე და მთვარე“) თარგმანია. შეცვლილია მხოლოდ ასულის სახელი – მაჰის ნაცვლად ნომიავთაბია. ქართვ. მთარგმნელი ყურადღებას აქცევს სიუჟეტურ ხაზს, ტოვებს მხატვრულ დეტალებს, ამოკლებს მიჯნურთა ვრცელ მიმოწერას. თარგმანის ხასიათმა განაპირობა სტილის სიმარტივე და ლაკონიურობა. არსებობს ტექსტის გამოცემა იაფფასიანი სახალხო წიგნაკების სახით (1876, 1894, 1900).
ლიტ.: გვახარია ა., „მირიანი“ (ა. ბარამიძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული), თბ., 1974; ქართული მწერლობა. ლექსიკონი-ცნობარი, წგ. 1, თბ., 1984.