მისიმიელები, ერთ-ერთი ქართული (სვანური) ტომი. სახელწოდება „მისიმიელები“ სვანთა ადგილ. სახელის „მუშვანის“ სახეცვლილი ფორმა უნდა იყოს (სხვა მოსაზრებით მ. ერთ-ერთი აფხაზური ტომია). იხსენიებენ ბიზანტ. ავტორები. მ. ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხ. ტერიტ-ზე. მათი ადგილსამყოფელი აფსილების მიწა-წყალს თანამედროვე წებელდასთან ესაზღვრებოდა. აგათია სქოლასტიკოსის (VI ს.) ცნობით, მ., ისევე როგორც აფსილები, კოლხეთის (ე. ი. ლაზთა) მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ მათგან განსხვავებით სხვა ენა და ზნე-ჩვეულებები ჰქონდათ. მ-მა აქტიური მონაწილეობა მიიღეს VI ს. შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომში, რ-იც დას. საქართვ. ტერიტ-ზე მიმდინარეობდა (იხ. მისიმიელთა აჯანყება 555).
წყარო: აგათია სქოლასტიკოსი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936.
ლიტ.: ბერაძე თ., სანაძე მ., საქართველოს ისტორია, წგ. 1. ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები, თბ., 2003; გასვიანი გ., ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან, თბ., 1991; ლომოური ნ., ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქართველი ტომების შესახებ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35; მიბჩუანი თ., დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ეთნოგენეზის, განსახლებისა და კულტურის ისტორიიდან, თბ., 1989; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ტ., 2, თბ., 1973; ყაუხჩიშვილი ს., მისიმიანთა ტომი, «თსუ შრომები», 1936, ტ. 1; Анчабадзе З. В., Очерк этнической истории абхазского народа, Сух., 1976.
გ. მელიქიშვილი