მიურატი ლუი ნაპოლეონ აშილი [25. VIII. 1872, ბრინოა, საფრანგეთი, – 14.VI. 1943, ნიცა], გენერალ-მაიორი (1917), საცხენოსნო სპორტის ოლიმპიური ჩემპიონი (1900, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში), პრინცი, სალომე დადიანისა (იხ. დადიანი-მიურატი სალომე) და აშილ მიურატის ვაჟი. დაამთავრა სომიურის კავალერისტთა სკოლა, 1891-იდან მსახურობდა საფრ. არმიის 25-ე დრაგუნთა პოლკში, 1904-იდან – რუსეთის ჯარის ლაიბგვარდიის ცხენოსან პოლკში, მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–05) და I მსოფლიო (1914–18) ომებში. 1911 გაემგზავრა ამერიკაში, სადაც ადგილ. ნავთობის მაგნატისათვის აწყობდა ცსენსაშენს. 1914–15 იყო ინგუშთა ცხენოსანი პოლკის მეთაურის თანაშემწე, 1915-იდან – კავალერიის ოფიცერთა სკოლის პოლკის მეთაური. 1915–16 იმყოფებოდა კავკ. არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში. 1916–17 მსახურობდა მე-12 დრაგუნთა სტარადუბოვსკის პოლკის მეთაურად. 1917 ოქტ. გადატრიალების შემდეგ დატოვა რუსეთი და ცხოვრობდა ზუგდიდში, დედის მამულში. 1919 წ. 23 სექტ. დანიშნეს უცხოეთის სახელმწიფოების მისიებთან ურთიერთობის ჯგუფის უფროსის თანაშემწედ. 1921 თებ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვ. დემოკრ. რესპ. ოკუპაციის შემდეგ დაბრუნდა ნიცაში, სადაც წიგნების თარგმნით ირჩენდა თავს.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
მ. გოგიტიძე