გიორგი რაჭის ერისთავი

გიორგი რაჭის ერისთავი (გ. 1787), ერისთავი 1785–87, როსტომ რაჭის ერისთავის ძე.

1769, როცა სოლომონ I-მა რაჭის საერისთავო გააუქმა და როსტომ ერისთავი და მისი შვილები დასაჯა, გ. რ. ე. ცალი თვალით დააბრმავეს და დააპატიმრეს. იმავე წელს ერისთავი საპყრობილიდან გაიქცა, სახელი გამოიცვალა (ქიორ-ბეი შეირქვა), თავი სტამბოლს შეაფარა და სულთნის სამსახურში ჩადგა. 1784, სულთნის მხარდაჭერით დაიმედებული, იმერეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

1785 იმერეთის მეფემ დავით II-მ გ. რ. ე. ოსმალეთიდან მოიწვია და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავოს ერისთავად დასვა.

ლიტ.: ს ო ს ე ლ ი ა  ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973.

თ. ბერაძე