ეკი

ეკი, სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდ. ცივის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ე., საადამიო, საგუნიო, საცხვიტავო, შრომისკარი). ზ. დ. 50 მ, სენაკიდან 18 კმ. 127 მცხ. (2002).

სოფელში არის აკად. თ. დავითაიას სახლ-მუზეუმი. ე. წყაროებში პირველად XVII ს. 20-იანი წლებიდან მოიხსენიება. შემონახულ ძეგლთაგან ყველაზე ძველია მდ. ცივის მახლობლად მაღალ მთაზე აღმართული ციხე, რ-იც ეგრისის სამეფოს ადრინდ. ხანას, IV–V სს. მიეკუთვნება. ციხე ძლიერ დაზიანებულია, შედგება კოშკისა და გალავნისაგან. სოფლის სამხრ.-აღმ-ით, გრძელ ბორცვზე, იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსია. დღემდე მოღწეულია შვერილაფსიდიანი ერთნავიანი ეკლესია (IX–X სს.), სამრეკლო, გალავანი, პალატი და საცხოვრ. ნაგებობათა ნაშთები. ეკლესია მრავალჯერაა გადაკეთებული. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. XIII–XIV სს-ში ეკლესიას დას. მხრიდან თლილი ქვით ნაგები ვრცელი სათავსი მიაშენეს. გალავნის ჩრდ. ნაწილში მოწყობილია შესასვლელი. მის ერთ მხარეს პალატია, მეორე მხარეს – XIII–XIV სს. ორსართულიანი სამრეკლო, რ-ის II სართულის ქვით ნაგები, თაღებით გახსნილი ფანჩატური მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. სოფლის ჩრდ.-აღმ. მონაკვეთში მდებარეობს მეორე ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რ-ის მთავარი ნაგებობაა ორიგინ., გეგმით ჯვრისებრი ეკლესია მაცხვარკარი (XIII ს. II ნახ.). მას აღმ-ით შვერილი წახნაგოვანი აფსიდი აქვს. ეკლესიას მოგვიანებით დას-იდან მიაშენეს მდიდრულად მოჩუქურთმებული სფერულკამარიანი კარიბჭე. ეკლესიის დას-ით შემორჩენილია ეკლესიისავე თანადროული ორსართულიანი სამრეკლოს ნანგრევები. სოფლის სხვადასხვა უბანში კიდევ 2 ეკლესია ყოფილა. ერთს „მაცხოვარს" უწოდებენ, მეორეს – „უფლისკარს", 1971 ე-ში აღმოაჩინეს ვერცხლის მონეტების განძი (იხ. ეკის განძი).

ლიტ.: ა დ ა მ ი ა  ი., ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრება, «ძეგლის მეგობარი», 1980, N55; 1981, N57.

პ. ზაქარაია