მიძღვნა

მიძღვნა, 1. ჟანრი პოეზიასა და პუბლიცისტიკაში; წერილის სახით დაწერილი ნაწარმოები ან მიმართვა. ლექსად დაწერილი მ. ჯერ კიდევ ანტ. ლიტ-რაში გვხვდება (საფო, ჰორაციუსი, ოვიდიუსი). მ-ის შინაარსი ფაქტობრივად განსაზღვრული არ იყო. უფრო მიღებული იყო მორალურ-ფილოს. და დიდაქტ. თემატიკა; ამასთანავე, გვხვდება პანეგირიკული, სატირული, სატრფიალო და სხვა სახის მ. ამ ჟანრის ლექსები მრავლადაა როგორც ძვ., ისე ახ. ქართ. მწერლობაში (გ. ორბელიანის „ანტონს“, ს. ჩიქოვანის „მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი“ და სხვ.). პროზით დაწერილი მ-ისთვის ძვ. ქართ. მწერლობაში გამოიყენებოდა „ახალი აღთქმიდან“ გადმოსული ბერძნ. სიტყვა ეპისტოლე (მაგ.: „ეპისტოლენი წმიდისა მოციქულისა პავლესნი“, „ეპისტოლეთა წიგნი“); 2. წარწერა მხატვრულ ნაწარმოებზე ან, საერთოდ, წიგნზე, რ-შიც აღნიშნულია, თუ ვის მიუძღვნა ავტორმა ნაწარმოები ან რა მოვლენის აღსანიშნავად შექმნა იგი (მაგ., ი. ჭავჭავაძე „ქართვლის დედას“ უძღვნის პ. ნაკაშიძეს, ა. წერეთელი პოემა „გამზრდელს“ კი – თავის პედაგოგებს და სხვ).

გ. მიქაძე