მიწავაშლა

მიწავაშლა, ტოპინამბური (Helianthus tuberosus), მრავალწლოვანი გორგლიანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მ-ს სამშობლოა ჩრდ. ამერიკა. XVII ს-ში გავრცელდა ევროპაში, იქიდან (XVIII ს.) – რუსეთში, საიდანაც შემოიტანეს საქართველოში.

ფესვი მთავარღერძა აქვს, მიწისქვეშა მუხლებიდან ეზრდება დამატებითი ფესვები, რ-ებიც ხშირად ფუნჯისებურია, ვრცელდება 20–30 სმ სიღრმეზე, ცალკეული ფესვები კი – 1,5 და მეტ სიღრმეზე. მიწისქვეშა ფესვებზე აქვს ტუბერები (თეთრი, ყვითელი, იისფერი ან წითელი). მისი მოყვანა ერთსა და იმავე ადგილას შეიძლება წლების განმავლობაში ნაგერალის სახით. საქართველოში მ. ხარობს ყველგან. კარტოფილთან შედარებით უკეთ იტანს როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპ-რას. ტუბერი მიწაში –20°C ტემპ-რას უძლებს. მისთვის საუკეთესო პირობებია ზაფხულის მეორე ნახევრისა და შემოდგომის ნალექების პერიოდი. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია.

გორგლი და მწვანე მასა (ნედლად და სასილოსედ) ცხოველთა კარგი საკვებია, განსაკუთრებით ღორისთვის. ტექნიკური მიზნით იყენებენ საკონდიტრო, სპირტისა და შაქრის წარმოებაში; სასურსათოდ – საკვებად, აგრეთვე დიეტური ყავის დასამზადებლად; ტუბერი შეიცავს 3% ცილას, მინერ. მარილებს, ხსნად პოლისაქარიდ ინულინს (16–18%), ფრუქტოზას, მიკროელემენტებს, აზოტოვან ნივთიერებებს (2–4%). საკმაოდ მდიდარია ვიტამინებით (B1, C) და კაროტინით.