მიწის კურდღლისებრნი (Dipodidae), ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 5–26 სმ, მასა – 4–300 გ. სხეულზე გრძელია შავ-თეთრი ფუნჯით დამშვენებული კუდი (7–30 სმ), რ-იც სირბილის დროს ლავირებაში ეხმარება. შესახედავად პატარა კენგურუს წააგავს. უკანა ფეხები გაცილებით გრძელი და მსხვილია წინაზე, ზოგჯერ ოთხჯერაც კი. აზიურ სახეობებს უკანა ფეხზე 5 თითი აქვთ, აფრიკულებს – 3. გადაადგილდებიან ძირითადად უკანა ფეხებით, ხტუნვით (ზოგი სახეობა 3 მ-მდე), ზოგი კი ოთხივე ფეხით. გავრცელებული არიან აღმ. ევროპაში, აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. ბინადრობენ ძირითადად ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში, იშვიათად – ველებზე, მთაში ზ. დ. 2000 მ-მდე ადის. ოჯახში 14 გვარის 36 სახეობაა. საქართველოში გავრცელებულია 2 სახეობა: მცირეაზიური მიწის კურდღელი (Scarturus williamsi) და მცირე მიწის კურდღელი (Scarturus elater). აქტიურობენ ღამით, კარგად აქვთ განვითარებული სმენა, მხედველობა და ტაქტილური მგრძნობელობა. იკვებებიან მცენარეულობით, ძირითადად თესლებითა და ფესვებით, ზოგჯერ მწერებითაც. ზამთარში ეძლევიან ძილქუშს. შობენ 2–5, იშვიათად 1–8 ნაშიერს. უდაბნოს მრავალი მტაცებელი ცხოველის საკვებია. არიან შავი ჭირის, ლეპტოსპიროზისა და სხვა დაავადებათა გადამტანნი, თუმცა რაოდენობის სიმცირის გამო საქართველოში ამ მიმართულებით სახიფათო ვითარებას არ ქმნიან.
ა. ბუხნიკაშვილი