მიწის რენტა, შემოსავალი, რომელსაც მიწის მესაკუთრე იღებს იჯარით სხვა პირზე გადაცემით დროებითი გამოყენებისთვის. მიწის იჯარა და მ. რ. ურთიერთდაკავშირებული ცნებებია, თუმცა სამართ. და ეკონ. კონტექსტით ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. მიწის იჯარით გაცემისას იდება სამართ. ხელშეკრულება, რ-იც განსაზღვრავს მიწის გამოყენების მიზანს, სარგებლობის ვადას, გადასახადებს და სხვა ვალდებულებებს მეიჯარე პირისადმი. იჯარით მიწის გასხვისებისას მფლობელი იღებს საიჯარო ქირას – რენტას. მ. რ. განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, როგორიცაა მიწის მდებარეობა, სახელმწ. რეგულაციები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპ., მიწის ნაყოფიერება, ბუნებრივი რესურსების არსებობა, ინფლაცია, მიწაზე მოთხოვნა, მიწის გამოყენების მიზნობრიობა, რეგიონის ეკონ. განვითარების დონე და სხვ.
მიწის აბსოლ. რენტა არის ნებისმიერი სას.-სამ. მიწისგან მიღებული შემოსავალი, რ-საც მესაკუთრე იღებს მიწის ადგილმდებარეობისა და ხარისხის მიუხედავად. დიფერენციული რენტა წარმოიქმნება მიწის ნაყოფიერებისა და მდებარეობის განსხვავების გამო და უკავშირდება ნიადაგის ბუნებრივ ხარისხს (დიფერენციული რენტა I), ასევე მიწის მოსავლის გაზრდის მიზნით ინვესტიციების (სარწყავი სისტემების დამონტაჟება, სასუქებით განაყოფიერება და ა.შ.) დამატებას (დიფერენციული რენტა II).
საქართველოში მიწის რენტიდან მიღებული შემოსავალი ნაერთ ბიუჯეტში მთლიანი შემოსავლების მცირე ნაწილია და ჩვეულებრივ ერთ პროცენტს არ აღემატება, თუმცა მუნიციპ-ებში რენტა საკუთრებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილია.
მ. თოქმაზიშვილი