ამირხანაშვილი კობა დიმიტრის ძე (დ. 5.VIII.1954, ქ. მცხეთა), ინჟინერ-ფიზიკოსი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად წ.-კორ. (2024), ქიმიის მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1998). 1976 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ახლანდ. სტუ) საინჟინრო-ფიზიკური ფაკ-ტი სპეციალობით ნახევარგამტარები და დიელექტრიკები. მუშაობდა თბილ. სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად (1976-78). 1978-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინ-ტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე (1986-2006). 1985-იდან ეწევა აქტიურ პედ. საქმიანობას. 2016-იდან მოღვაწეობა განაგრძო თსუ-ში მთ. მეცნიერ თანამშრომლად.
ა. ეწევა აქტიურ საზ. და პოლიტ. საქმიანობას. არის საქართველოს მე-4 (1995-99) და მე-5 (1999-2004) მოწვევის პარლამენტის წევრი; მისივე ინიციატივით დაარსებული „საქართველოს პარლამენტართა პალატის“ თავ-რე (2015-დან); არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციის, "დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დამაარსებელი და პრეზიდენტი (1991-იდან); დიაბეტის საერთაშ. ფედერაციის (IDF) წევრი (1993-იდან); „საქართველოს დიაბეტის ფონდის“ პრეზიდენტი (2021-იდან).
ა-ის სამეცნ. კვლევის სფეროა გარდამავალ მეტალთა კოორდინაციული ნაერთების მიღება და ახალი მასალების ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა, კერძოდ, თანამედროვე რენტგენოსტრუქტურული და სპექტრალური ანალიზით კომპლექსნაერთების მოლეკულური, კრისტალური და სუპრამოლეკულური სტრუქტურების აღნაგობის დეტალური აღწერა; ქრომატოგრაფიული კვლევის მეთოდების ავტომატიზაცია და მიღებული მონაცემების პროგრამული დამუშავება; სორბციული პროცესების მათემატიკური მოდელირება.
ა. არის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი სამეცნ. ნაშრომები გამოცემულია ქართ., ინგლისურ და რუს. ენებზე.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001), ასევე სხვადასხვა საერთაშ. ორგანიზაციის პრემიები და ჯილდოები.
თხზ.: ქრომატოგრაფიის საწყისები (თანაავტ.: ანდრონიკაშვილი თ., ბურკიაშვილი ნ.), თბ., 2006; დიაბეტის მართვა, თბ., 2018.