კაჭარავა კარლო კარლოს ძე (7. II. 1964, სამტრედია, — 9. IV. 1994, თბილისი), მხატვარი, ხელოვნების ისტორიკოსი, არტკრიტიკოსი, პოეტი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ-ტი (1986). 1986-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტ. ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლად. იყო ჟურნ. „ლიტერატურა და ხელოვნების“ სარედაქციო კოლეგიისა (1989-91) და ახალგაზრდა კრიტიკოსთა ასოციაციის გამგეობის (1989-94) წევრი.
კ. არის 30 სტატიის, დაუსრულებელი მონოგრაფია ,,ქართული ავანგარდისა“ და ,,თანამედროვე ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონის“, 1500 პოეტური ტექსტის, დღიურებისა და უბის წიგნაკების, 3500-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის ავტორი. მისმა შემოქმედებამ არსებითად გაამდიდრა XX ს. 90-იანი წლების ქართ. ხელოვნება. თუკი მის დღიურებში (საუკუნეთა მიჯნის ქართ. რეალობის შეუდარებელი ქრონიკა) თვალსაჩინო წილი ეკუთვნის ნეოექსპრესიონისტული სახის გრაფიკულ ჩანართებს, მისივე ფერწერულ და გრაფიკულ ქმნილებებში უდიდეს ეფექტს ახდენს მათზე დართული განმარტებითი ხასიათის, დამოუკიდებელი სიმძაფრის მქონე, შინაგანი განცდის გამომხატველი ტექსტები, რ-ებსაც ეს ნაწარმოებები გაჰყავს ფერწერის სივრციდან. კ-ს შემოქმედებისთვის დამახასიათებელია პატარა ადამიანის ხელშეუხებელი სულიერი სამყაროს მაღალ ფასეულობად წარმოჩენა; ცივი და უკონტაქტო მეგაპოლისური ურბანული სივრცეების დისტანციურობისა და შინაგანი შემზარაობის გამოხატვა; მძიმე და ღრმა გაუცხოების მატარებელ გარემოში თანამედროვე ადამად და ევად ქცეულ და რილკესეულ წყვილთა ტრაგიკული მდგომარეობის გამოვლენა.
კ-ს ნახატებში არაერთგან ფიგურირებს თავად ავტორი (ხშირად იერშეცვლილი სახითაც), როგორც დისკრიმინირებულ და მარტოსულ მანდილოსანთა მფარველი და თანამდგომი რაინდი, რ-იც მის ქმინილებებს უმაღლესი ჰუმანურობის მატარებელ ნაწარმოებებად აღგვაქმევინებს და ქრისტ. სულისკვეთებით აღგვავსებს.
საგულისხმოა კ-ს მასშტაბური შემოქმედების დიდი პოპულარობა თანამედროვე ახალგაზრდობაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია მისი სხარტი და ღრმააზროვაანი ფრაზების გადატანა ქუჩის სივრცეში. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი შთამბეჭდავი შემოქმედება თანდათან პოპულარული ხდება დასავლეთის ქვეყნებში.
კ-ს პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (საქართვ. ეროვნ. გალერეა; 2017), ნიუ-იუორკში (ნიუ-იორკი-ჯოის გოლდშტეინის გალერეა; 1998), ლონდონში (მოდერნ-არტ გალარეა; 2021, 2024); ბელგიაში (გენტის S.M.A.K. მუზეუმი, 2023). მისი ნახატები დაცულია საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
გარდაცვალების შემდეგ ხელოვნებათმცოდნეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა გ. ჩუბინაშვილის სახ. სახელმწიფო პრემია (1997).
თხზ.: თხზულებანი, ორტომეული, თბ., 2006; ასი ლექსი, თბ., 2012; Eine Reise... Moskau-Koln-Berlin-Koln [ჩანახატების, ჩანაწერების და ტექსტების ალბომი], თბ., 2012; მონოლოგი, თბ., 2014; საღამო, თბ., 2018; ცინიზმის ჩაქუჩები [დღიური], თბ., 2021; ავტობიოგრაფიის მითი, თბ., 2025.
ლიტ.: არსენიშვილი ი., კარლო კაჭარავა, თბ., 2012; Karlo Katscharava und Deutschland - კარლო კაჭარავა და გერმანია, თბ., 2014.
ს. ლეჟავა