მონათმფლობელობა

მონათმფლობელობა, საზოგადოებრივი წყობილება, რ-იც დამყარებულია მონათმფლობელებისა და მონათმფლობელური საქალაქო თემი-სახელმწიფოს მიერ მონების (ყოველგვარ უფლებასა და საწარმოო საშუალებას მოკლებული პირი, რ-იც სხვის საკუთრებას წარმოადგენდა) შრომის გამოყენებაზე.

მონობა სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს ხშირად განსხვავებულ სახეს იღებდა. თავისებური იყო მისი როლი უძველეს საზ-ბებში, რ-ებიც ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩამოყალიბდა. მონური შრომის გამოყენების მიუხედავად, ისინი მაინც არ წარმოადგენდნენ მონათმფლობელურ საზ-ბებს, ერთი მხრივ – მონათა სიმცირის გამო და მეორე მხრივ – არ ვითარდებოდნენ მონური შრომის უფრო ფართოდ გამოყენების მიმართულებით. პირიქით, ისინი მონური შრომის ექსპლუატაციის ყმურ (ფეოდალურ, „პროტოფეოდალურ“) ექსპლუატაციად გადაქცევის ტენდენციას იჩენდნენ. ანტიკურ ბერძნულ-რომაულ საზ-ბაში კი მეურნეობის ინდივიდუალიზაციამ, ვაჭრობის, ხელოსნობისა და ზღვაოსნობის დაწინაურებამ გამოიწვია კერძო საკუთრების ინ-ტის განვითარება და ეკონ. გადასვლა ბაზრისათვის განკუთვნილი საქონლის წარმოებაზე. ამან მონური შრომის ფართო გამოყენების პირობები შექმნა და წარმოებაში დიდი რაოდენობით მუშახელი მიიზიდა. ასეთ მუშახელად მონები იქცნენ. მონური შრომის გამოყენებამ აქ წამყვანი ადგილი დაიჭირა, ამიტომ ძვ. ბერძნ. და შემდეგ რომაული საზ-ბა მონათმფლობელურ საზ-ბად განიხილება. მონათმფლობელური სახელმწ. შეიძლება წარმოადგენდეს დემოკრ. რესპუბლიკას (მაგ., ათენი ძვ. წ. V–IV სს.) ან არისტოკრატიულ რესპუბლიკას (რესპ. პერიოდის რომი), ან მონარქიას (საიმპერატორო რომი). მონათმფლობელური სამართალი იცავდა მონათმფლობელთა ქონებას (მონები, წარმოების საშუალებები და სხვა ქონება). ფიზიკური შრომა ითვლებოდა მხოლოდ მონების საქმიანობად, ხოლო მონა – „მოლაპარაკე იარაღად“. მონათა მოპოვების წყარო იყო ტყვეები, აგრეთვე მათ ყიდულობდნენ მეზობელ „ბარბაროსულ“ სახელმწიფოებში ან ხმელთაშუაზღვისპირეთში მოთარეშე მეკობრეებისაგან.

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ უძველეს საზ-ბებში, პირველ ყოვლისა იბერიაში (ქართლის სამეფო), რ-ის შესახებაც ძვ. ქართულ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მეტი ინფორმაცია მოგვეპოვება, უცილობლად ხდებოდა მონური შრომის გამოყენება. ამან გარკვეულ პერიოდში (კერძოდ, ახ. წ. პირველ საუკუნეებში, მონათმფლობელურ რომთან განსაკუთრებით ახლო კონტაქტის ხანაში) საგრძნობი ხვედრითი წილი მოიპოვა, მაგრამ მაინც ვერ გახდა წამყვანი და ამ საზ-ბების განვითარებულ -ში გადაზრდის წინაპირობები ვერ შექმნა.

ლიტ.: მელიქიშვილი გ., ძველი საქართველოს სოციალ-ეკონომიური წყობილების საკითხი, «მაცნე», 1966, № 1; მისივე, კლასობრივ საზოგადოებათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაცია და უძველესი კლასობრივი საზოგადოებების ხასიათის საკითხი, იქვე, 1971, № 3; მისივე, მახლობელი აღმოსავლეთისა და კავკასიის უძველესი საზოგადოებების ბუნების საკითხისათვის, ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1976; სტრუვე ვ., ძველი აღმოსავლეთის ისტორია, თბ., 1946; ჩხატარაიშვილი ქ., ნარკვევები სამხედრო საქმის ისტორიიდან საქართველოში, თბ., 1979; Ковалев С. И., История античного общества, [ч. 1-2], Л., 1936; Сергеев В. С., Очерки истории Древнего Рима, ч. 1–2, М., 1938; Струве В. В., Проблема зарождения, развития и разложения рабовладельческих обществ Древнего Востока, «Известия Гос. Академии истории материальной культуры», 1934, в. 77.

გ. მელიქიშვილი