მონაპირე

მონაპირე, საქართველოს ფეოდალური მონარქიის საზღვრისპირა ოლქის (სანაპიროს) გამგებელი ფეოდალი (ერისთავი ან ერისთავთერისთავი) XII ს. და XIII ს. I მესამედში. მ. თავისი ფუნქციებით შეესაბამება ფეოდ. დას. ევროპის მარკგრაფს და სასანიდური ირანის მარზპანს, ანუ საზღვრის მცველს. სანაპიროები შეიქმნა აღმ. საქართველოს თურქ-სელჩუკთაგან გათავისუფლების შემდეგ, დავით აღმაშენებლის დროს. მაშინ მ. მეფის მოხელე იყო, მის სრულ მორჩილებაში მყოფი ვასალი. მომდევნო ხანაში იგი თანდათან სანაპიროს მემკვიდრე პატრონად („მემამულე“) იქცა, რ-საც საკუთარი სუბვასალები ჰყავდა და ფაქტობრივად მეფის ყმადნაფიცი „ხელმწიფის“ როლში გამოდიოდა. -თა ინ-ტმა დიდი როლი შეასრულა საქართვ. სამხ. საქმის ორგანიზაციაში, ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. XII–XIII სს. მიჯნაზე არსებობდა შემდეგი სანაპიროები: ჰერეთის, კამბეჩოვნის, გაგის, ტაშირის, ძორაგეტის, თმოგვის, თორის, სამცხის (არტაანის), შავშეთ-სპერისა (ფანასკერტი) და ყარსის. დავით აღმაშენებელმა სანაპიროთა ნაწილში ჩაასახლა ჩრდ. კავკასიიდან გადმოყვანილი ყივჩაღები. მ. ვალდებული იყო თვალყური ედევნებინა მოსაზღვრე ქვეყნებისათვის და დაეცვა საზღვარი მტრის მოულოდნელი შემოსევებისაგან. იგი სამხ. დაცვით ოპერაციებს დამოუკიდებლად აწარმოებდა, შეტევითს კი – მხოლოდ მეფის განკარგულებით. მ. (და სანაპიროს მოსახლეობაც) გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა, რის გამოც ფეოდალები და რიგითი მოლაშქრენი „რომელნი შიგნით იყვნეს, იგინი სანაპიროთა იაჯდეს“. პრივილეგია „ალაფობის“ უფლებასაც გულისხმობდა. -ის მოვალეობა კარგადაა ნაჩვენები „ვეფხისტყაოსანში“. ავთანდილს, როგორც -ს, ევალება დაიცვას საზღვარი, ებრძოლოს მეფის ურჩ მეზობლებს, დროდადრო მეფეს ეახლოს, ხელმწიფეს ძღვენი მიართვას და ანგარიში ჩააბაროს. -თა ინ-ტი გაუქმდა მონღოლების ბატონობის დაწყებისთანავე.

ლიტ.: ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII საუკუნეებში, თბ., 2002; ბარამიძე ა., შოთა რუსთველი და მისი პოემა, თბ., 1966; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 7, თბ., 1974; ჩხატარაიშვილი ქ., უცხოელები XII საუკუნის საქართველოს ლაშქარში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966.

ქ. ჩხატარაიშვილი