მონასპა, სამეფო გვარდია ფეოდალურ საქართველოში. დააარსა დავით IV აღმაშენებელმა. მ-ში 5000 მხედარი „მონა“, ანუ მეფის პირად სამსახურში მყოფი რჩეული პროფესიონალი მეომარი შედიოდა. მ. მეფის მცველი კორპუსი იყო და ხშირად საგარეო მტრების წინააღმდეგ საპასუხისმგებლო სამხედრო ოპერაციებსაც ატარებდა. მ-ში შედიოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მოლაშქრეები, ძირითადად, როგორც ჩანს, ქართველი და ჩრდ. კავკასიის მთიელები და თურქთა შემოსევების გამო უმამულოდ დარჩენილი აღმ. საქართველოს ფეოდალები. არაქრისტიან „მონათა“ დიდი უმრავლესობა თანდათან გაქრისტიანდა. მოლაშქრეები მუდამ მეფესთან ან სასახლესთან იმყოფებოდნენ და მეფის წყალობით ცხოვრობდნენ. დავით აღმაშენებელი დიდად აფასებდა „მონებს“, რ-ებიც მისი ხელისუფლების ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდნენ ფეოდ. ოპოზიციასთან ბრძოლაში. მ. არსებობდა დავით აღმაშენებლის მემკვიდრეთა დროსაც. მ-ის მოლაშქრეები, ცხადია, მონები არ იყვნენ (ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით), მაგრამ არ ჰქონდათ სოც. თავისუფლება, იყვნენ მეფის ყმები. XII ს. განმავლობაში „მონათა“ უმრავლესობა ყმა-მამულით იქნა შეწყალებული და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეერია. 1184 შემდეგ მ. აღარ იხსენიება. მ-ის მოლაშქრეთაგან იყვნენ გამოსული გიორგი III-ისა და თამარის დროს მაღალ სახელმწ. თანამდებობაზე დაწინაურებული „უგვარო“ მოხელეები: მხარგრძელები, ყუბასარი, აფრიდონი და სხვ. მ. გამოცდილი და სანდო მეომრებისაგან შედგებოდა, იყო უაღრესად მობილური და საქართვ. სამხ. წარმატებებში დიდი როლი შეასრულა.
ლიტ.: ანთელავა ი., საქართველოს საისტორიო წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2002; ბარამიძე ა., შოთა რუსთველი და მისი პოემა, თბ., 1966; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 7, თბ., 1974; ჩხატარაიშვილი ქ., უცხოელები XII საუკუნის საქართველოს ლაშქარში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; წურწუმია მ., საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, თბ., 2013.
ქ. ჩხატარაიშვილი