მონასტერი (ლათ. Monastezion – განდეგილის სენაკი), საღვთისმსახურო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსი, რ-იც ბერ-მონაზვნური წესით მცხოვრები თემისთვისაა განკუთვნილი. მ-ები და ზოგადად ბერმონაზვნობის ინ-ტი დამახასიათებელია ბუდიზმისა და ქრისტიანობისათვის. პირველი ბუდისტური მ-ები, როგორც მოხეტიალე განდეგილთა თავშესაფრები, ინდოეთში დაარსდა ძვ. წ. I ათასწლ. შუახანებში, II–III სს-ში – მიანმასა და ტაილანდში, შემდგომ – ვიეტნამსა და ჩინეთში (IV ს.), კორეასა და იაპონიაში (VI–VIII ს.), ტიბეტში, მონღოლეთში და სხვ.
ქრისტ. სამყაროში უძველესი მ-ები გაჩნდა IV ს-ში. ეგვიპტეში მანამდე ქრისტიანი ბერები ანაქორეტული (განდეგილური) წესით ცხოვრობდნენ. სამონასტრო ცხოვრების წესი გავრცელდა პალესტინაში, სირიასა და მცირე აზიაში. ბიზანტიაში სამონასტრო ცხოვრება განსაზღვრული და რეგლამენტირებული იყო ბასილი დიდისა (329–379) და კონსტანტინოპოლის სტუდიტეს მონასტრის (IX ს.) წესდებებით. დასავლეთში პირველი მ. ბენედიქტ ნურსიელმა დააარსა 530 წელს (მონტე-კასინოს მ.). ქრისტ. მ-ები იყოფა მამათა და დედათა მ-ებად. ე. წ. „ორმაგი“ მ-ების შექმნას კრძალავს ნიკეის II მსოფლიო საეკლ. კრების (787) მე-20 კანონი. აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტიპის მ-ები – ლავრა, სკიტი, კინობია, დასავლეთში კი შეიქმნა სააბატოები, პრიორატები. აღმოსავლეთში მ-ის წინამძღვარია იღუმენი ან არქიმანდრიტი, დასავლეთში – აბატი ან პრიორი. დასავლეთევროპულ (კათოლიკურ) ქრისტიანობაში მ-თა ბაზაზე შეიქმნა მონაზვნური ორდენები, ზოგი მ. კი კონგრეგაციებში გაერთიანდა.
ბიზანტიასა და სხვა ქრისტ. ქვეყნებში (მ. შ. საქართველოშიც) მ. უმთავრესად საგანმან. და კულტ. ცენტრს წარმოადგენდა. დასავლეთში კი პირველი უნ-ტები სწორედ მ-ებში არსებული მეცნ. ცოდნის საფუძველზე დაარსდა. პროტესტანტული სამყარო (გარდა ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიებისა) მონასტრულ ცხოვრებას არ აღიარებს.
საქართველოში ჯუანშერის (XI ს.) ცნობით პირველი ორი მ. ვახტანგ I გორგასალს დაუარსებია კლარჯეთში. იგი ბიზანტ. მ-ების ტიპის ყოფილა. ფართო სამონასტრო მშენებლობა აღმ. საქართველოში 13 სირიელი მამის მოსვლას უკავშირდება (იხ. ასურელი მამები). მათ და მათმა მოწაფეებმა დააარსეს ზედაზნის, დავითგარეჯის, დოდორქის, იოანე ნათლისმცემლის, შიომღვიმის, მარტყოფის, ალავერდის, ბრეთის, ხირსის, სამთავისის, ულუმბოს, იყალთოსა და სხვ. მ-ები. VII–X სს-ში სამონასტრო მშენებლობა ფართოდ გაიშალა კლარჯეთში, ტაოსა და ქართლში. შეიქმნა „კლარჯეთის საარქიმანდრიტო“, რ-ის მშენებელი და პირველი არქიმანდრიტი გრიგოლ ხანძთელი იყო. ამ მხარეში მოქმედებდა ძვ. და ახალაშენებული მ-ები: ზარზმა, ხანძთა, შატბერდი, ნეძვი, კვირიკეწმინდა, წყაროსთავი, ბერთი, ბარეთელთი, გუნათლე, მერე, ძვ. ოპიზა, მიძნაძორი და სხვ. მ-ებს აშენებდნენ გვიანდელი პერიოდის მეფეებიც. არსებობდა მეფეთა და ფეოდალთა საძვალე-სალოცავები. ზოგჯერ მმართველი ზედაფენის წარმომადგენლები უკვე მოქმედ მ-ებს თავიანთ საკუთრებად აქცევდნენ. მაგ., სამეფო საკუთრებად იქცა XII ს-ში შიომღვიმის, დავითგარეჯის მ-ები, აშენდა გელათის (XII ს.) სამეფო მ. ქართ. წყაროებში დასახელებულია სხვადასხვა პერიოდში მოქმედი 100-მდე მ. ქართ. სამონასტრო-სამონაზვნო ცხოვრებაში შეიძლება გამოვყოთ ორი ქრონოლოგიურად გამიჯნული მიმართულება: პირველი მათგანი ადრეულია და უშუალოდ სირიელი მამების მოღვაწეობას უკავშირდება, აღმოსავლური (ეგვიპტურ-სირიულ-პალესტინური) კი მკაცრი ასკეტიზმით გამოირჩევა; მეორე მიმართულება უფრო ზომიერი ასკეტიზმის მომხრე იყო და ამ მხრივ ბერძნულს წააგავდა. მ-ებში ძმობის სას. და ყოველდღიურ ცხოვრებას საგანგებო „ტიპიკონი“ აწესრიგებდა, რ-იც მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული წესდების ადგილობრივ ვარიანტს წარმოადგენდა. საქართველოში მოქმედებდა გრიგოლ ხანძთელის, „საბაწმინდური“, „სიმონწმინდური“ და სხვ. ტიპიკონები. გვაქვს აგრეთვე ქტიტორული ტიპიკონები, რ-ებიც შედგენილია შიომღვიმის (XII ს.), ალისა და ვაჰანის ქვაბთა (XIII ს.) მ-თვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული მ. მრავლად იყო ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სირია-პალესტინასა და ბიზანტიაში. პალესტინის ქართ. სავანეებია: საბაწმიდა, პალავრა, სინა, ჯვარი, გოლგოთა, უფლის საფლავი, კაჰპათა, დერტავი, დერთუფა, ბასილის მ., თეოდორეს მ., სამოელის მ., გეთსიმანია, შეჰანი; სირიაში: შავი მთა, სვიმეონწმიდა, რომანწმიდა, კალიპოსი, კასტანა, ეზრას მ., ლერწმისხევი, თუალთა მ., ბარლაწმიდა. დასავლეთში არსებული კერებიდან აღსანიშნავია: ოლიმპი, რომანა, ათონი, კონსტანტინოპოლი (ხორა, ტრიანდაფლივი, მანგანა), ღალია, პეტრიწონი.
საქართვ. პოლიტ. დასუსტების კვალად უცხოეთში არსებული ქართ. მ-ები თანდათან უცხოთა ხელში გადავიდა. საბჭ. წყობილების დროს კი (XX ს. 80-იანი წლები) თვით საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მ. ფუნქციონირებდა. სამონასტრო მოძრაობა საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განახლდა. აღდგა მრავალი ძველი მ., აშენდა ახალიც. დღეისათვის საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში მამათა და დედათა 140-მდე მ. ფუნქციონირებს.
ლიტ.: ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1966; მათითაშვილი შ., ქართული ბერმონაზვნობა IV–V სს. კრ.: ეთნოლოგიური ძიებანი, თბ., 2013. მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ტ. 3, 1979.
ზ. ეკალაძე