მონდავი, მანდავი, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში გავრცელებულ მარტივ სახვნელებთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ფორმა. ამ ტერიტორიაზე მიწათმოქმედების პატარა მასშტაბი განსაზღვრავდა ხვნასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის სიმარტივეს, რასაც ხელს უწყობდა იქ გავრცელებული მარტივი სახვნელი იარაღები და მისთვის საჭირო გამწევი ძალისა და მუშახელის სიმცირე. ამის გამო ხშირად ოჯახი დამოუკიდებლად ხნავდა მიწას. იქ საოჯახო თემი (დიდი ოჯახი) XX ს. დასაწყისშიც იყო შემორჩენილი.
მაღალმთიან ზოლში (ხევსურეთი, თუშეთი, ხევი) მარტივი სახვნელებით (კავწერა, კავის ტიპის სახვნელები, რ-ებშიც ერთი უღელი გამწევი ძალა იყო შებმული, მუშახელი კი შედგებოდა მხვნელისა და მეხრისაგან) მიწის დამუშავებისას ერთიანდებოდა ორი ოჯახი. ხვნა-დღეების განაწილება არ იყო რეგლამენტირებული. თითოეულ ოჯახს უხნავდნენ იმდენს, რამდენიც მას სჭირდებოდა. შედარებით დაბალ ზოლში მიწის დამუშავება ხდებოდა უფრო განვითარებული სახვნელებით (ფშაური აჩაჩა, მთიულეთ-გუდამაყარში მოქმედი ორხელა; გამწევი ძალა – 2 უღელი ხარი, მუშახელი – 2 ადამიანი). აქ მ. იყო ეკვივალენტურ ურთიერთობაზე დამყარებული შრომითი გაერთიანება, რ-ის წევრები დღეების თანაბარი რაოდენობით თანაბარი მონაწილეობის (იარაღით, გამწევი ძალით, პირადი შრომით) საფუძველზე ეხმარებოდნენ ერთმანეთს. პირველად ის მიწა უნდა მოეხნათ, რ-იც „საწინაო“ იყო. სამუშაო დღის განმავლობაში საქონელს ერთხელ უშვებდნენ უღლიდან. ეს დრო ემთხვეოდა სამხარს. საქონლის საკვები, ჯერი და თესლი მიწის მესაკუთრის ოჯახიდან მიჰქონდათ. მ-ის წევრებს მინდორში ორჯერ უმასპინძლდებოდნენ – სადილსა და სამხარზე. ვახშმობდნენ იმის სახლში, ვისი მიწაც იხვნებოდა. აღმ. საქართველოს მთაში ქალი მემინდვრეობასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოში მონაწილეობდა. ხვნის დროს ქალებს ევალებოდათ ჯერის, თესლის წაღება და საქონლისათვის ჩალის მოწოდება. მეხრედ შეიძლება ყოფილიყო როგორც ქალი, ისე კაცი. საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით თუშეთში ქალის შრომის სფერო გაცილებით ფართო იყო და მოიცავდა სამიწათმოქმედო საქმიანობასაც. ხვნა-თესვასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ხვნა-თესვის დაწყებასა და დამთავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს. სახნავში გასვლისას ხარებს რქებზე სანთლებს უნთებდნენ და არყით ილოცებოდნენ. შაბათს მუშაობას ადრე ამთავრებდნენ, უქმე დღეებსა და კვირაობით კი მუშაობა აკრძალული იყო. ამ წესის გამტეხს ხალხი სჯიდა (მაგ., ოჯახის მოკვეთით). სამუშაო დღეს ხვნას აჩერებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სოფელში ვინმე იყო გარდაცვლილი (იხ. აგრეთვე სტ. მოდგამი).
ტერმინი „მონდავი“, აღმ. საქართველოს მთის გარდა, ცნობილი იყო აღმ. საქართველოს ბარის იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურად სახლდებოდნენ მთიელები. ტერმინის ეტიმოლოგიას ნდობას, დანდობას უკავშირებენ. პირადი ურთიერთობის ხასიათი შეამხანაგების უპირველესი ფაქტორი იყო; ყველა ძირითადი საკითხი მ-ში სწორედ ურთიერთმორიგების, ნდობის საფუძველზე წყდებოდა.
თუშეთსა და ქსნის ხეობაში მ-ს აგრეთვე უწოდებდნენ ძმათა ცოლებს, ფშავში – ხატის მსახურს.
ლიტ.: გრძელიძე ბ., ურთიერთდახმარების ფორმები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1989; ჯალაბაძე გ., მემინდვრეობის კულტურა საქართველოში, თბ., 1986; Геладзе Т. Ш., Формы коллективного труда в земледелии Восточной Грузии, Тб., 1987.
თ. გელაძე