მონეტა (ლათ. moneta), სხვადასხვა ლითონისგან მოჭრილი ფული, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფორმა, წონა, სინჯი და ღირებულება. თავდაპირველად სიტყვა „მონეტა“ იყო ქალღმერთ იუნონას ერთ-ერთი ეპითეტი და ნიშნავდა დამრიგებელს, მოძღვარს. სახელი მომდინარეობს კაპიტოლიუმის ბორცვზე (ქ. რომი) იუნონა-მონეტას ტაძრისაგან. როდესაც ძვ. წ. 275 რომის რესპუბლიკამ დაამარცხა ეპირის მეფე პიროსი, მთელი ნადავლი ტაძარს შესწირეს და იქ ფულის მოჭრა დააკანონეს. მ. გაჩნდა ძვ. წ. VIII–VII სს. მიჯნაზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ძვ. სამყაროს ორ პუნქტში – მცირე აზიის სახელმწ. ლიდიაში (ელექტრუმის – ოქროსა და ვერცხლის შენადნობი) და საბერძნეთში კ. ეგინაზე (ვერცხლი). სახელდება ეგინაზე მ-ის მოჭრის თარიღი – მალევე, VIII ოლიმპიადის (ძვ. წ. 748) შემდეგ. მ-ს 2 მხარე აქვს: შუბლი (ავერსი – Av.) და ზურგი (რევერსი – Rv.). ავერსზე თავსდება გამოსახულება, რ-საც საკანონმდებლო ფუნქცია აქვს. მასზე გამოსახული ღვთაება, შემდეგ მონარქი, იმპერატორი, რესპუბლიკის ან ქალაქის სიმბოლო ამა თუ იმ მ-ს ბრუნვაში აკანონებს და მისი სრულფასოვნების გარანტიას იძლევა. ზურგის იკონოგრაფიას გამოსაცნობი ფუნქცია აკისრია. მისი დახმარებით დგინდება მ-ის მოჭრის ადგილი (სახელმწიფო, ქალაქი). ადრეარქაული მ-ები ცალმხრივია, ე. ი. გამოსახულება მხოლოდ ერთ მხარეზეა ამოტვიფრული, მეორე მხარეს კი ჩაღრმავებები აქვს, რ-საც კვადრატუმ ინკუზუმი (quadratum incusum) ეწოდება. საწარმოს, სადაც მ. იჭრებოდა, ზარაფხანა ეწოდება, ხოლო ორგანოს, რ-ის პრეროგატივაა მ-ის ემისია – ემიტენტი. მ-ზე მოთავსებულ გამოსახულებას და წარწერას – ლეგენდას (ზედწერილი), რ-იც ამა თუ იმ სახელმწიფოს ან კლასის ინტერესებს, იდეოლოგიას გამოხატავს, სამონეტო ტიპი ეწოდება. მისი საშუალებით ადგენდნენ მ-ის მოჭრის ადგილს, დროსა და ნომინალს. სახელმწ. სამონეტო ერთეულად იღებს განსაზღვრული რაოდენობის (წონის) ლითონს და მათ განსაკუთრებულ სახელებს არქმევს [დრაქმა, იჭრებოდა აგრეთვე დიდრაქმა, ტეტრადრაქმა, დეკადრაქმა, ჰემიდრაქმა და სხვ. (ვერცხლი, ძვ. ბერძნ.); სტატერი (ოქრო, ძვ. ბერძნ.); დენარი (ვერცხლი, რომი), აურეუსი (ოქრო, რომი); მილიარესი (ვერცხლი, ბიზანტია), სოლიდი, ნომიზმა (ოქრო, ბიზანტია); აღმ-ში ვერცხლის: სიკილა (აქემენიანთა ირანი, ძვ. წ. VI ს-იდან), დირჰემი (VI–XIV სს.), თანგა (თემურ ლენგის დროიდან), აბაზი (სეფიანთა ირანი), აყჩე (ოსმალეთი); ოქროსი: დარიკი (აქემენიანთა ირანი), დინარი (სასანიანთა ირანი და არაბთა სახალიფო), ალთუნი (ოსმალეთი); ევროპაში: ტალერი (ვერცხლი), ფრანკი (ოქრო, ვერცხლი), მარკა და სხვ.]. ძვირფას ლითონს სიმტკიცისათვის გარკვეული რაოდენობით ურევდნენ სპილენძს, რასაც ლიგატურა ეწოდება. მ-ის შემადგენლობაში კეთილშობილი ლითონის ნაწილს სინჯი (სინჯადობა) ჰქვია. დასაშვებია შეფარდება 9:1. საეტალონო ერთეულიდან სინჯისა და წონის კანონით დასაშვებ გადახვევას რემედიუმი ეწოდება, რ-ის მკვეთრ გადახრას მ-ის დემონეტიზაცია, ანუ მიმოქცევიდან ამოღება მოსდევს. მ-ს, რ-ის მსყიდველობითი უნარი შეეფარდება მასში შემავალი ლითონის ღირებულებას, სრულფასოვანი ეწოდება. ზოგჯერ მ-ს გადაკრული აქვს ოქროს ან ვერცხლის თხელი ფენა, მისი გული კი ტყვიისაა ან ბრინჯაოსი. მას სუბერატულ, პლაკირებულ მ-ს უწოდებენ. ყოველი ზარაფხანა გარკვეული წონის ლითონით (ოქრო, ვერცხლი) მარაგდება და ვალდებულია მისგან სტანდარტული წონის გარკვეული რაოდენობის მ. დაამზადოს. ესაა სამონეტო რიგი. მ-ს მოჭრის მონოპოლიური უფლება – სამონეტო რეგალია – როგორც წესი, სახელმწიფოს ეკუთვნის. თუ მ. რაიმე ისტ. ფაქტის ან სხვა ღირშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად იჭრება, იგი მემორიალურია (სამახსოვრო), ხოლო თუ მისი ფუნქცია რომელიმე პრივილეგირებული წრის ან პირის დასაჩუქრებაა – დონატიური. ზოგიერთი სამონეტო ჯგუფი საერთაშ. (ინტერლოკალური) მნიშვნელობას იძენს. ანტ. ხანაში ასეთი იყო ალექსანდრე მაკედონელის სტატერი და ლისიმაქეს სტატერი. საქართველოს ტერიტ-ზე მ-ის ემისია ძვ. წ. VI ს-იდან დაიწყო (იხ. კოლხური თეთრი) და 1834-მდე გრძელდებოდა. რადგან პირველი მონეტა მსოფლიოში ძვ. წ. VII ს-ში მოიჭრა, ხოლო ისტ. კოლხეთის ტერიტ-ზე სამონეტო ემისია ძვ. წ. VI ს-იდან დაიწყო, ამ გარემოების გათვალისწინებით საქართველო სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს კერად არის მიჩნეული. რამდენადაც მ-ის მოჭრა მხოლოს სახელმწ. უფლებაა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძვ. წ. VI ს-იდან იღებს სათავეს.
მ-ის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტ.-ეკონ. და კულტ. ისტორიის საკითხების გასაშუქებლად. იგი წერილობით წყაროებთან ერთად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ვინაიდან მ-ს ემისია სახელმწ. კომპეტენციაა, იგი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საბუთია და მას იურიდ. ძალა აქვს. მ. ობიექტურად ასახავს ისტ. მოვლენებს და ზუსტად გადმოგვცემს ფაქტებს.
ქაღალდის ფულის შემოღებასთან ერთად მ-ის, როგორც გადახდის საშუალების როლი მკვეთრად დაეცა. განძის მნიშვნელობას ინარჩუნებს მხოლოდ ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული მ-ები. XX ს. მ. ქაღალდის ფულთან შეფარდებით საყოველთაოდ არის ხურდა ფულის ნიშანი პირობითი კურსით. ოქროსა და ვერცხლის მ-ებს იშვიათად უშვებენ და სერიოზული ეკონ. მნიშვნელობა არა აქვთ. მეტწილად ეს მ-ები სამახსოვროა (ან საიუბილეო).
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; დუნდუა გ., დუნდუა თ., ქართული ნუმიზმატიკა, 1; თბ., 2006; კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, თბ., 1997 (თხზ. 12 ტომად, ტ. 8).
გ. დუნდუა