მონეტა ქართული

კოლხური ტეტრადრაქმა. ვერცხლი. ძვ. წ. VI–V სს.

1-ლარიანი მონეტა.

2-ლარიანი მონეტა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტა.

საკოლექციო მონეტა – ევრო 2024

საკოლექციო მონეტა დავით აღმაშენებლი.

საკოლექციო მონეტა – თამარ მეფე.

მონეტა ქართული, მ-ების მოჭრა საქართველოში ძვ. წ. VI ს-იდან იწყება. კერძოდ, კოლხეთის სამეფოში იჭრებოდა ვერცხლის კოლხური თეთრი, რ-იც მხატვრული დონით არ ჩამოუვარდებოდა იმდროინდელი მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს. იგი მზადდებოდა ვერცხლისაგან და მისი ნომინალები იყო ტეტრადრაქმა, დიდრაქმა, დრაქმა და ნახევარდრაქმა. ალექსანდრე მაკედონელის (ძვ. წ. 336–323 წწ.) დროს კოლხური თეთრი ჩაანაცვლა ოქროს სტატერმა და ვერცხლის დრაქმამ, ასევე მიმოქცევაში იყო თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქეს სტატერი და კოლხეთის მეფე აკეს (ძვ. წ. II ს.) ოქროს სტატერი. ძვ. წ. II–I სს. მიჯნაზე ქ. დიოსკურიაში (სოხუმი) იჭრებოდა სპილენძის საქალაქო მ-ები. ამავე პერიოდის ბოლოდან იბერიის ტერიტორიაზე მიმოიქცეოდა პართიის სამეფოს ვერცხლის დრაქმა, ძვ. წ. I ს-იდან – რომაული ვერცხლის მ. – დენარი, მოგვიანებით კი – რომაული ოქროს მ. აურეუსი. IV ს-იდან, როდესაც საქართვ. იქცა სასანიდური ირანისა და ბიზანტიის მეტოქეობის ასპარეზად, აღმ. საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა სასანური ვერცხლის დრაქმების მიმოქცევა. VI ს-ის ბოლოს ქართლის სამეფოს ერისმთავრებმა მოჭრეს სასანური მ-ის მსგავსი ვერცხლის მ. – დრაქმა ჯვრის გამოსახულებით და ქართულენოვანი წარწერებით. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მ-ებზე ქართ. დამწერლობის პირველი გამოჩენა. XVIII ს-ის დასაწყისიდან თბილისში დაიწყო არაბული ვერცხლის მ-ების მოჭრა. VIII–IX სს-ებში საქართველოში მიმოიქცეოდა არაბული და ბიზანტიური მ-ები.

X ს-ის მიწურულს ტაოს მეფე დავით III კურაპალატმა მოჭრა ვერცხლის დრამა. XI ს-ის დასაწყისში გაერთიანებული საქართვ. პირველმა მეფემ – ბაგრატ III-მ დაიწყო არაბული ტიპის ვერცხლის მ-ის დრამის მოჭრა, რ-ზეც ქართ. ენაზე არის დატანილი მეფის სახელი და ტიტულატურა. შემდგომ, ბაგრატ IV-მ, გიორგი II-მ და დავით IV აღმაშენებელმა გააგრძელეს განსხვავებული დიზაინის ვერცხლის დრამის მოჭრა. დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ სპილენძის მ-ზე გამოსახულია გვირგვინოსანი მეფე საიმპერატორო სამოსში და დატანილია ერთიანი საქართვ. მეფის ტიტულატურა: ქრისტე დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა. მ. ასახავს დავით აღმაშენებლის ეპოქის გეოპოლიტიკურ სურათს.

XII ს. 20-იანი წლებიდან საქართველოში მკვეთრად შემცირდა ვერცხლის ფულის მოჭრა, რ-იც ჩანაცვლდა სპილენძის მ-ებით არა მარტო საქართველოში, არამედ მესოპოტამიაში, სირიაში, ცენტრ. აზიასა და ბიზანტიის იმპერიაში. სპილენძის მ-ებიდან გაქრა წარწერა „ფელსი“ და გამოჩნდა ვერცხლის მ-ის სახელწოდება „დირჰემი“. ამ პერიოდის მ-ებზე ქართვ. მეფეთა ტიტულატურა არაბ. ენაზეცაა, ხოლო მ-ების ფორმა აღარ არის წრიული.

ქართ. მ-ის ისტორიის ახ. ეტაპი დაიწყო რუსუდანის მეფობის (1222–45) დროს, როდესაც შეწყდა განსხვავებული ფორმის სპილენძის მ-ების მოჭრა და განახლდა ვერცხლის მ-ების გამოშვება იესო ქრისტეს გამოსახულებით. XIII ს. II ნახ-იდან საქართველოში იჭრებოდა და მიმოქცევაში იყო ქართულ-მონღოლური და მონღოლური მ-ები, ასევე ტრაპიზონური ასპრის ადგილ. მინაბაძი მონეტები ე. წ. „კირმანეულები“(დას. საქართველო), რ-იც მიმოიქცეოდა ტრაპიზონულ მ-ებთან ერთად.  XV ს-ში მოჭრილ ქართ. მ-ებს „დაკნინებული“ ეწოდება, მისი გარეგნული სახისა და ტექ. მახასიათებლების გამო. XVII ს. II ნახ-იდან თბილ. ზარაფხანაში იჭრებოდა ირანული ტიპის ვერცხლის საფასე, უმეტესად აბაზები, საუკუნის მიწურულიდან – სპილენძის საქალაქო  მ-ები, XVIII ს. 20–30 წლებში – ოსმალური მ-ები.  ამავე საუკუნის 40-იანი წლებიდან კი გაფართოვდა ქართ. მ-ების მოჭრა ქართლ-კახეთის მეფეების – თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ, იმავე პერიოდში ერეკლე II-მ  ოქროს მ-ებიც მოჭრა. XVI–XVIII სს-ში ქართ. მ-ებთან ერთად მიმოქცევაში იყო ევრ. ოქროს დუკატები და ვერცხლის ტაილერები.

1804 რუსეთმა თბილისში გახსნა ზარაფხანა, სადაც იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის მ-ები აბაზის სისტემით – ლეგენდები და ნომინალი ქართ. ანბანით იყო გამოსახული. პარალელურად მიმოქცევაში იყო რუს. ჩერვონეცი. 1834 თბილ. ზარაფხანა დაიხურა და ქართ. მ-ების ემისია შეწყდა. XIX ს-ის I ნახ-ში საქართველოში იზრდებოდა რუს. მ-ების, განსაკუთრებით კი ვერცხლის რუბლის, ხვ. წ. ამავე საუკუნის შუა ხანებში რუს. ფულთან ერთად მიმოქცევაში იყო თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ქართ.-რუს. მ-ები, ერეკლე II-ის მიერ მოჭრილი სირმა აბაზები, ჰოლანდიური დუკატები, ირან., ოსმ. და კავკ. სახანოებში მოჭრილი სირმა აბაზები. XIX ს. 50-იან წლებში რუს. ხელისუფლებამ საქართვ. მოსახლეობისაგან შეისყიდა არარუსული ფულის ძირითადი მასა, მ. შ. ერეკლე II-ის სირმა აბაზები, რამაც განაპირობა მხოლოდ რუს. ფულის მიმოქცევა 1917-მდე. 1918-იდან მიმოქცევაში შემოვიდა ამიერკავკ. ბონები, 1919 წ. 11 ივლისიდან კი საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ბონები. 1922–24 მიმოქცევაში იყო საქართვ. საბჭ. რესპუბლიკისა და ამიერკავკ. საბჭ. ფედერ. რესპუბლიკის ბონები. 1924-იდან 1991-მდე საქართველოში მიმოქცევაში იყო საბჭ. რუბლის ბანკნოტები და მ-ები.

1991 ფულის ნიშნების დამზადებისა და მიმოქცევაში გაშვების ორგანიზების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა საქართვ. ეროვნ. ბანკს. 1993–94 კი შეიქმნა ლარის ბანკნოტების და მ-ების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ნომინალებისთვის. მ-ებზე გამოსახულია ქართ. კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ბორჯღალი (მზის უძველესი სიმბოლო), სხვადასხვა წარწერა და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. 1995 წ. 25 სექტემბერს მიმოქცევაში გავიდა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ნომინალის მ-ები. 2000 წ. 28 ივლისს საქართვ. ეროვნ. ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართვ. სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ბიმეტალური მ-ები ლიმიტირებული რაოდენობით, რ-იც წარმოადგენს საქართვ. ტერიტორიაზე საგადამხდელო საშუალებას ნომინალური ღირებულებით. 2006 წ. 20 ნოემბრიდან მიმოქცევაში გაუშვეს 1 და 2 ლარისა და ახ. დიზაინის 50 თეთრის ნომინალის მ-ები.

საქართ. ეროვნ. ბანკი უშვებს ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო, ასევე ოქროს საინვესტიციო მ-ებს. გამოშვებულია საკოლექციო მ-ები: ხელბურთი 2026 (2026), ლარის 30 წლის იუბილე (2025), ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ (2025), „ევრო 2024“ (2024), ფარნავაზ I (2023), ბაგრატ III (2023), გიორგი ბრწყინვალე (2023), ვახტანგ გორგასალი (2022), ევრობასკეტი 2022 (2022), თამარ მეფე (2021), დავით აღმაშენებელი (2021), დედამიწის დღე (2021), კონსტიტუცია 100 (2021), მეფე ერეკლე II (2020), ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (2020), ევროპის საბჭო 70 (2019), სახელმწიფო ბანკი 100 (2019), რაგბის (2019), ქართული ეროვნული საფოსტო მარკა (2019), დამფუძნებელი კრება (პარლამენტი) 100 (2019), ქართული წიგნი (2018), პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 100 (2018), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 (2018), ქართული ვაზი (2017), ლარის 20 წლის იუბილე (2015), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (2015), ილორი (2009), ოლიმპიადა „პეკინი 2008“ (2008), 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში (2004), ოქროს მემორიალური მონეტა (1995). საინვესტიციო ოქროს მ-ები ნომინალით 10, 25, 50, 100, 300 და 1000 ლარი დამზადებულია უმაღლ. 999,9 სინჯის ოქროთი და ექვსი სხვადასხვა წონით (1/10, 1/4, 1/2, 1,5 და 10-უნციანი), რ-ებზეც გამოსახულია ოქროს საწმისი.  საინვესტიციო მ-ების დამზადება ხდება პერიოდულად, მათზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რა დროსაც მ-ის დიზაინში იცვლება მხოლოდ ემისიის წელი.

ლ. ელიავა