ეკალაძე ია

ი. ეკალაძე

ეკალაძე ია (ნამდვ. გვარი და სახელი – ც ი ნ ც ა ძ ე იაკობ თომას ძე) [14(26). III. 1872, სოფ. ჯავა, გორის მაზრა, ახლანდ. ცხინვალის მუნიციპალიტეტი, – 11. X. 1933, თბილისი], მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1893 გარიცხეს თბილ. სას. სემინარიიდან როგორც „პოლიტიკურად საეჭვო". 1911 დაამთავრა ყაზანის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. იყო გაზ. „ქართლის" (1912–13), „სამშობლოს" (1915– 16), „სამშობლოს" სურათებიანი დამატების რედ.-გამომცემელი. 1894 გაზ. „ივერიაში" თომაანთ კობას ფსევდონიმით გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა „ილიკო ბედენიძე", 1897 – მოთხრ. „რას იცინი?" ე. ქართვ. ხალხოსან მწერალთაგან განსხვავებით, უმთავრესად აღწერდა წვრილბურჟუაზიული ინტელიგენციის ცხოვრებას. დაბეჩავებულ გლეხებში განათლების შეტანისთვის მებრძოლი ღარიბი ინტელიგენციის ბედია აღწერილი მოთხრობაში „თეო" (1895), წვრილბურჟუაზიული ფენის ცხოვრების წესია ნაჩვენები მოთხრობებში: „წერილები", „ჩემი ცოდვა გქონდეს!" (1894), „კრებაზე" (1897). ქართ. სცენაზე წარმატებით იდგმებოდა ე-ის პიესა „ნომერი ოცდაერთი ჯვრით" (1916). მასვე ეკუთვნის პატრ. სულისკვეთებით გამსჭვალული თეთრი ლექსები, რ-თაც „ლექსისებურს" უწოდებდა. 1927 მისი რედაქტორობით გამოვიდა „ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ანთოლოგია" (ტ. I, II – 1928, III – 1930).

თხზ.: რჩეული ნაწერები, ტფ., 1934; კრებული, თბ., 1949.

ლიტ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 5, თბ., 1982.

ა. მირიანაშვილი