მოშაირე – ლექსის, მთხზველი, მთქმელი, იგივე მელექსე („მოშაირე, არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“ – შოთა რუსთაველი). მ. მონაწილეობდა სალხინო თავყრილობებში (ხატობა-დღეობები, ქორწილები, ღამისთევა, საღმრთო), ასევე ინდივიდუალური წვეულებებში სალაღობო თავშესაქცევი ლექსების სათქმელად, ხალხის გასამხიარულებლად. მ. საკრავის (ჩონგური, ფანდური) თანხლებითაც ამღერებდა შაირს. შაირობა ხშირად შეჯიბრის, „შეჭიდების“ ფორმას იღებდა. ერთ-ერთი წამოიწყებდა და ერთ მოსწრებულ სტრიქონს იტყოდა, მეორე ორი სტრიქონით უპასუხებდა, ისე რომ, პირველის ნათქვამთან შეერითმა. ასე გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთი სიტყვას არ მოუჭირდა. წყენა სირცხვილად, მიიჩნეოდა. დამარცხებული გამარჯვებულს გადაეხვეოდა და მიულოცავდა. ხალხს მოწონდა მოსწრებული ნათქვამი. მ. დასცინოდა სოც. მანკიერებებს – უქნარობას, ავკაცობას, ლაჩრობას, ბაქიობას და სხვა. მ-ის ლექსის შიშით ცუდის გაკეთებას ერიდებოდნენ, რადგან ამ სამარცხვინო ამბავს მ. გალექსავდა და ის ქვეყანას მოედებოდა – იტყოდნენ: „სალექსოდ (სამარცხვინოდ) არ გამიხადო საქმეო“ (ხალხ.). მ. საკუთარ მანკიერებებსაც დასცინოდა. გამორჩეულ მ-ებს სამეფო კარზეც იწვევდნენ ლხინის დროს. მ.-ობა ერთ-ერთი „ზნეობა“ – ღირსეული საქმე იყო საქართველოში.
ლიტ.: იოანე ბატონიშვილი, კალმასობა ტ. I. ტფ., 1936; კოტეტიშვილი ვ. ქართული ხალხური პოეზია, თბ; 1961; შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზია I (ხევსურული). ტფ., 1931.