მოძღვართმოძღვარი

მოძღვართმოძღვარი, სწავლული ბერების მოძღვარი და ხელმძღვანელი, მეთაური, მასწავლებელთა მასწავლებელი, გელათის მონასტერში არსებული უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი, რექტორი. ს. ყაუხჩიშვილის აზრით, ტერმინი . უკავშირდება ბიზანტ. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის სახელწოდებას („დიდასკალოს ტონ დიდასკალონ“ – მასწავლებელთა მასწავლებელი). . დიდი პატივით სარგებლობდა, რაც პირდაპირ მიანიშნებს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საქართველოში სწავლა-განათლებას და როგორ აფასებდნენ განათლებულ ხალხს. „ხელმწიფის კარის გარიგების“ (XIV ს.) მიხედვით, სამეფო კარზე დარბაზობის დროს -ს ეახლებოდა „შინაური დარბაზის ერი“, ანუ სამეფო კარის მოხელე და გადასცემდა სამ ცხენს – ერთს თავად მისთვის და ორს მისი მოწაფეებისთვის. სამეფო დარბაზში შესვლისას მეფე ტახტიდან დგებოდა და „ნოხის პირზე“ ეგებებოდა მას. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ არაფერია ნათქვამი -ის ფუნქციებზე, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისით, . მოძღვრების უფროსი იყო და საკუთარი მოსწავლეები ჰყავდა. ე. თაყაიშვილი თვლიდა, რომ იგი იყო ეპისკოპოსი, რ-იც გელათში იჯდა და იქ არსებულ აკადემიას ხელმძღვანელობდა; ი. სურგულაძის აზრით კი . არა თანამდებობა, არამედ სამეცნ. წოდება იყო. ბ. ლომინაძე მიიჩნევდა, რომ . თავისი უფლებებითა და გავლენით მონასტრის წინამძღვარზეც მაღლა იდგა, ასევე ვარაუდობდა, რომ მოძღვართმოძღვრობა არ გულისხმობდა სხვა მოძღვრების უფროსობას, მხოლოდ აღმატებითი ხარისხი იყო და სხვა მოძღვრებთან შედარებით მის განსწავლულობას უსვამდა ხაზს. არსებობს მოსაზრება, რომ -ები გელათის გარდა სხვა ქართულ მონასტრებშიც მოღვაწეობდნენ.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., „ხელმწიფის კარის გარიგება“, თბ., 1920; ლომინაძე ბ., გელათი, თბ., 1955; სურგულაძე ივ., ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 2000; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, თხზ., ტ. 7, თბ., 1984.

თ. ალიბეგაშვილი