მოწამეთა

მოწამეთა, სოფელი იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (კურსების ადმ. ერთეული). მდებარეობს იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. წყალწითელას (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს, ზ. დ. 450 , ტყიბულიდან 33 კმ. ტერიტორიაზე მოიპოვება კირქვა.

სოფლის მიდამოებში მდებარეობს მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი (XI ს.,). თავდაპირველად აქ მცირე ზომის ეკლესია მდგარა, რ-შიც VIII ს. არაბთა მიერ ნაწამები არგვეთის მთავრების – დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი დაუსვენებიათ. X ს-ში ბაგრატ III-ს ეკლესია განუახლებია და უფრო მოზრდილი შენობა აუგია. თანამედროვე სახე მონასტერმა XIX ს-ში მიიღო.