მოხატული კერამიკა

თიხის პითოსი. თიხა, მოხატული შავი ფერი საღებავით, გეომეტრიული მოტივებით. თრიალეთი. ძვ. წ. XVIII ს.

თიხის პითოსი. თიხა მოხატული სიუჟეტური კომპოზიციებით. კერამიკა სამადლოდან, ძვ. წ. IV-III სს.

მოჭიქული ჯამი, თიხა ჭიქურქვეშა მოხატვით. გამოსახულია ფეხმორთხმული მამაკაცის ფიგურა. დიამეტრი: 32,5 სმ. ნაქალაქარი ნეკრესი. IX ს. (სემ. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი).

ჯამის ფრაგმენტი. თიხა, ფერადი ჭიქური. დიამეტრი: 19,5 სმ., თბილისი XIII ს. (სემ. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი).

რუსუდან მეტრეველი-ჭელიძე. თასი „ცეკვა". თიხა, შებოლვა, ფერადი და აღდგენითი ჭიქურები, დიამეტრი 31 სმ., 1968 წ. (სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა).

რომუალდ ცუხიშვილი. დეკორატიული თეფში „იმერეთი". ფაიანსი, მაიოლიკის ჭიქურები, დიამეტრი 35 სმ., 1963 წ. (სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა).

გოზაური. მოჭიქული ჭურჭლის სახეობა. XIX საუკუნე, კახეთი. თიხა. 51 x 6,5 x 11,5. (საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი).

დოქი. ცხავატური კერამიკა. თიხა, მოხატული წერნაქის საღებავით. 37x20, XX ს. (სემ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა).

თასი ორყურა ერთფერად მოჭიქული, ჭიქურქვეშ გრავირებით. სიმაღლე: 18,5 სმ, ნაქალაქარი რუსთავი. XII-XIII სს. (სემ. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი).

მოხატული კერამიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახეობა. თიხის ნაწარმის ფერადი ორნამენტით შემკობა მეთუნეობის დარგის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. საქართვ. ტერიტორიაზე მოპოვებულ ენეოლითის გვიანი პერიოდის ჭურჭლის ცალკეულ ნიმუშებზე უკვე ხშირად გვხვდება მოწითალო-მოვარდისფრო თხელი ფენით დაფარული ჭურჭელი, რაც ანგობის ტექნიკის ჩასახვის საფუძვლადაა მიჩნეული. წითელი ანგობი (წერნაქი) იგივე თიხაა, რ-შიც ჭარბად ურევია რკინის ჟანგი და გაცილებით წმინდა სტრუქტურისაა. შესაბამისად, მას ძირითადად თიხის ჭურჭლის ზედაპირის მოსაპირკეთებლად და მხატვრული შემკობისათვის იყენებდნენ. საქართველოში ანგობის გამოყენებას უძველესი ტრადიცია აქვს. ამ ხსნარით დაფარული და მოხატული თიხის ჭურჭელი აღმოჩენილია თრიალეთის ყორღანებში (ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანები). ყორღანული კულტ. კერამ. ჭურჭელი ზომით საკმაოდ დიდია, ფორმით კი – მრავალფეროვანი. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელია კვერცხისებური მოყვანილობის პითოსისა და ჰიდრიას ტიპის ჭურჭელი. მოხატულ ნიმუშებზე ორნამენტი რუხი საღებავით ხან ღია ხორცისფერ, ხან კი მოწითალო ანგობირებულ ფონზე დაიტანებოდა. თრიალეთის კულტურაში განსაკუთრებით გავრცელებულია წითელ ფონზე შავი ფერის დეკორი. ჭარბობს გეომ. მოტივები. ორნამენტული გამოსახულებები ფორმაზე ხშირად უწყვეტ ხაზადაა შემოვლებული. გვხვდება ზიგზაგები, სპირალები, მეანდრები, ჯვარხაზოვანი ფიგურები და ა. შ. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ანგობით დაფარული და შავი საღებავით მოხატული ნარეკვავის სამაროვნისა (ძვ. წ. XIII–VI სს.) და რუსთავში აღმოჩენილი ანალოგიური ჭურჭელი.

ზემოხსენებული პერიოდიდან მოყოლებული ანტ. ხანამდე საქართველოში წითლად გამომწვარი და ანგობით დაფარული კერამიკა თითქმის არ გვხვდება და მის ადგილს შავად შებოლილი ნაკეთობები იკავებს. ანტ. (ძვ. წ. VII – ახ. წ. IV სს.) და ელინისტური (ძვ. წ. IV–I სს.) პერიოდის ქართ. მოხატული კერამიკა მონოქრომულია (მოხატული ჭურჭელი აღმოჩენილია წალკაში, თბილისში, ურბნისში, უფლისციხეში, ითხვისში); მრავლად მზადდება ამფორები, ჩნდება ბერძნ. კერამ. მიბაძვით დამზადებული ნაწარმი. აღმ. საქართველოში (მაგ., სამადლოს კერამიკა) თიხას უნარჩუნებდნენ თავის ფერს, ასევე ფარავდნენ წითელი საღებავით. მოხატულობა, როგორც წესი, შესრულებულია მკრთალ მოყვითალო ან მოწითალო ფონზე, უმეტესად, წითელი ან მოყავისფრო საღებავით. ორნამენტი განლაგებულია ფრიზებად და მეტწილად ჭურჭლის ზედა ნაწილზეა დატანილი, თუმცა გვხვდება მთლიანად მოხატული ჭურჭელიც, რ-ზეც ჭარბობს გეომ. მოტივები – წერტილები, ზოლები, ზიგზაგები, რომბები და სხვ. შედარებით იშვიათია სიუჟეტური კომპოზიციები ცეკვის, ნადირობის, ბრძოლის სცენებით. დეკორით ამკობენ მრავალგვარ ჭურჭელს – ჯამებს, ხელადებს, დერგებს, ქვევრებს და ა. შ. ანგობიანი ჭურჭელი ასევე გვხვდება ახ. წ. პირველ საუკუნეებში ქვისა და კრამიტისაგან შეკრულ სამარხებში (მაგ., სამთავროს სამაროვანი). I–IX სს. კერამიკის ორნამენტირება შედარებით ნაკლებად ყოფილა გავრცელებული.

XI–XIII სს-ში ქართულმა კერამიკამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. აღნიშნული პერიოდის არქეოლ. მასალაში მრავლად გვხვდება ამ ხანისათვის უკვე ჩამოყალიბებულ საქალაქო სახელოსნოებში დამზადებული მაღალმხატვრული, კერძოდ, ღია წითლად და მოყვითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რ-ის ზედაპირი მოხატულია ანგობის წითელი და შავი ზოლებით (ძირითადად მუცლიანი ჭურჭელი, ზოგჯერ სასმისები აღმოჩენილია დმანისში, გუდარეხში, რუსთავში, თბილისში, თრიალეთში). ზოგ შემთხვევაში მოხატვამდე ჭურჭლის ზედაპირი თეთრი ხსნარითაა დაფარული და წითელ და შავ ზოლებთან ერთად ორნამენტში წრეები ან ოვალებია ჩართული. ამ პერიოდში ჭურჭლის მხატვრულად დამუშავებისათვის მასობრივად გამოიყენება ჭიქური. არქეოლ. კერამიკაში ადგილ. დამზადებული მოჭიქული ჭურჭელი აღმოჩენილია ჯერ კიდევ ძვ. წ. IX–VI სს-ში (თრიალეთისა და მცხეთის არქეოლ. კომპლექსები). ადგილ. წითელკეციანი განათხარი ჭურჭლის ჭიქური გამჭვირვალეა (უფეროცა და ფერადიც) და შეღებილია სხვადასხვა ლითონის ჟანგით. გამოყენებულია ტყვიის ჭიქური, რ-საც შესაღებად ლითონის ჟანგი ემატება (რკინა იძლევა ყვითელ ფერს და მის გრადაციებს მუქ ყავისფრამდე, სპილენძი – მწვანე ფერს და მის გრადაციებს მოლურჯომდე, მანგანუმი – მწვანე, ცისფერ და სოსანისფერს, მანგანუმისა და რკინის ჟანგის შენაერთი კი – მოშავო ან მუქ ყავისფერს).

XI–XIII სს. ქართ. მოჭიქულ-მოხატული კერამიკა იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: ერთფეროვან და მრავალფეროვან კერამიკებად. გამოყენებულია ორნამენტირების ტექნიკის მრავალი განსხვავებული მეთოდი, მ. შ. ანგობით მოხატვა და ფერადი ჭიქურით დაფარვა; ანგობიანი ჭურჭლის ამოკვეთის ხერხით შემკობა და უფერო ჭიქურით დაფარვა (ერთფეროვანი); თეთრი ანგობით მოხატვა და ფერადი წვეთებით გაფორმება (ჩამოღვენთილი საღებავით); კომბინირებული, ანუ ერთდროულად რამდენიმე ხერხით დეკორირება (მრავალფეროვანი) და სხვ. ერთფეროვან მოჭიქულ კერამიკაში უმთავრესად სამი ფერის ჭიქურია გამოყენებული (მწვანე, ცისფერი და სოსანისფერი). ნიმუში მოჭიქვამდე და მოხატვამდე აუცილებლად იფარება თეთრი ანგობის თხელი ფენით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაევლება ჭიქური. ორნამენტში ჭარბობს გეომ. მოტივები, რ-თაგან აღსანიშნავია: პარალელური ხაზები, სამკუთხედები, ხუთკუთხედები, მარყუჟიანი წრეები, კლაკნილი და რადიალურად გატარებული ზოლები, ბადისებრი სახეები. მცენარეული მოტივები ძირითადად მწვანედ მოჭიქულ ჯამებზე გვხვდება. გავრცელებულია მცირე ზომის სტილიზებული ყლორტები პატარა გამონაზარდებით გვერდებზე. ზოგჯერ ამოკაწრულია ვარდულები. იშვიათად წარმოდგენილია არაბული დამწერლობის მსგავსი მხატვრული მოტივებიც (თბილისი, დმანისი, გუდარეხი, იყალთო, რუსთავი და სხვ.).

მრავალფეროვანი მ. კ-ის ნიმუშებიც ტყვიის უფერო გამჭვირვალე ჭიქურითაა დაფარული. მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ფიგურისგან შედგენილი კომპოზიციები (ჭურჭელი ძირითადად ჯამებისაგან შედგება). განსაკუთრებით გავრცელებულია ფრინველის გამოსახულებები (დმანისი, გუდარეხი, თბილისი, ძველი ანაგა, რუსთავი, იყალთო, გორი, სალესავისხევი, თრიალეთი და სხვ.). შემუშავებულია ფრინველის გარკვეული ტიპი მტაცებელი ფრინველის ნიშნებით (მოცემულია მარცხ. პროფილში). აგრეთვე ვხვდებით ცხოველებისა (დმანისი, გუდარეხი, თბილისი, სამშვილდე, კასპი და სხვ.) და ადამიანების გამოსახულებებს (დმანისი, გორი), მცენარეულ, გეომ. მოტივებს. ცხოველების ფიგურები თითქმის ყოველთვის სტილიზებულია და ძნელია გადაჭრით ითქვას, რომელი კონკრეტული ცხოველია გამოსახული ამა თუ იმ ჯამზე – თხა თუ ჯიხვი, მგელი თუ ძაღლი, კურდღელი თუ სახედარი. სხეულის ნაწილები პირობითადაა შეღებილი. ადამიანის გამოსახულებებიც პირობითი, განზოგადებული და შედარებით იშვიათია (ადამიანის ფიგურა წოპიანი ქუდით, დმანისი). აღმოჩენილია ნატეხები, სადაც კონცენტრულ წრეებს შორის ადამიანის სტილიზებული სახეა ჩასმული, აგრეთვე ნაპოვნია ნატეხი ადამიანის სხეულის ნაწილების გამოსახულებით (გორი). ადამიანები, ფრინველები და ცხოველები ხშირად მცენარეულ მოტივებს შორისაა გამოსახული.

წითელკეციანი მრავალფეროვანი მოჭიქული კერამიკის უდიდესი ნაწილი მოხატულია მცენარეული და გეომ. კომპოზიციებით. ამგვარი ნიმუშები მრავლად გვხვდება დმანისში, გუდარეხში, იყალთოში, თბილისში, რუსთავში, ძველ ანაგასა და სხვა ცენტრებში (მაგ.: ოთხ-, ექვს-, შვიდ- და რვაფურცლიანი ვარდულები; ოთხ სექტორად დაყოფილი ჯამის შიდაპირი სექტორებში ჩასმული მცენარეული მოტივებით და სხვ.). შედარებით იშვიათია მხოლოდ გეომ. ორნამენტით მოხატული ჯამები (ცენტრიდან გატარებული რადიალური ზოლები, ჭადრაკული მოტივები).

XIII ს-იდან მოყოლებული, პოლიტ. და ეკონ. ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში მაღალმხატვრული კერამ. წარმოება მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა ხელოსნობის ამ დარგში მრავალსაუკუნოვანი საწარმოო-ტექ. გამოცდილება უკვალოდ არ გამქრალა. კერამ. მასალა კვლავ ფართოდ გამოიყენებოდა პირველადი მოთხოვნილების საოჯახო საგნების წარმოებაში. XVIII ს. თბილისში ფერადი მოჭიქული ჭურჭლის (ე. წ. ქაშანური) დამზადება არქეოლ. მასალით დასტურდება. ასევე ცნობილია, რომ XIX ს. დასაწყისისათვის თბილ. მაშინდელ გარეუბანში მრავალი კერამ. სახელოსნო იყო. XIX–XX სს. ქართ. ხალხ. კერამ. წარმოების ცალკეული ცენტრები უხვადაა წარმოდგენილი მთელ საქართველოში: კახეთში (ბოდბისხევი, ანაგა, თელავი, იყალთო), ქართლში (მცხეთა, გორი, ცხავატი, დმანისი), იმერეთში (შროშა, ჯოყოეთი, ვარციხე), გურიასა და სამეგრელოში (ნაგომარი, გურძემი), რაჭა-ლეჩხუმში (ონი, საირმე), აფხაზეთსა და აჭარაში (გუდაუთა, ხუცუბანი). კერამ. ნაწარმი ადგილ. ტექნოლ., მხატვრულ და კულტ. ტრადიციებს ასახავდა. წითელი ჭურჭელი სადა ან ორნამენტიანია. შესამკობად კი ჩაკვეთილ და დაძერწილ დეკორთან ერთად კვლავ ანგობით (წერნაქით) მოხატვას მიმართავდნენ.

მოჭიქული ჭურჭლის წარმოების ხალხ. ცენტრებიც ასევე მრავლად იყო საქართვ. სხვადასხვა კუთხეში – კახეთში (თელავი, იყალთო და ნინოწმინდა), ქართლში (თბილისი, მცხეთა, მეჯვრისხევი, გორი), იმერეთში (შროშა და გეზრული), რაჭაში (ონი) და სხვ. ქართ. ხალხური ჭიქური ფერადოვანი გამით საკმაოდ მდიდარია. ძირითადი ფერებია: თეთრი, ცისფერი, მწვანე, თაფლისფერი, ყვითელი, წითელი, ყავისფერი და მოშავო. ჭიქურები მიიღება მინის, ტყვიის, კალის, სპილენძის ხენჯის (თოგალი), თაგვმარილას, შავი ქვისა და კვარციანი ქვიშის სხვადასხვაგვარი შენარევით. ჭიქურქვეშა შემკულობა ჭურჭლის ზედაპირზე ძირითადად სპილენძის ხენჯით სრულდება, მაგრამ ზოგჯერ ამ მიზნით შავი ქვაც გამოიყენება. თაფლისფრად, ცისფრად ან მწვანედ მოჭიქული ჭურჭელი უმეტესად სადაა, დეკორის გარეშე, თეთრად და ყვითლად მოჭიქული კი თითქმის ყოველთვის თოგალითაა დაჭრელებული. ჭიქურქვეშა მოხატულობის ძირითადი ორნამენტული ელემენტებია: ხნული, ჯვარი, კორკორა, ქათმისფეხა, კლაკნილი, კუწუბი, გრეხილი, ნიკბები, მტევანი და სხვ. მხატვრულად იმკობოდა ქოთნები, ქილები, საღვინეები, კოკები, ჩაფები, თულუხები, გოზაურები, მარნები, ჯამები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

XX ს. ქართ. თანამედროვე პროფესიული კერამიკის შემკობის ხელოვნებაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ემყარება. ამ პერიოდის კერამ. წარმოებაში დაინერგა ახ. მასალების გამოყენება (ფაიფური, ფაიანსი, შამოტი). XX ს. შუა წლებში არქეოლ. მასალის შესწავლის შედეგად აღდგა დეკორ. დამუშავების არაერთი მივიწყებული ტექნიკა, დადგინდა სხვადასხვა საღებავისა და ჭიქურის რეცეპტი. შემუშავდა მხატვრული შემკობის ახ. ტექ. ხერხები. ძვ. აღდგენილი ტექნოლოგიებიდან აღსანიშნავია შებოლვის ტექნიკა. შავპრიალა კერამიკულ კეცზე საინტერესო დეკორ. სახე შეიძინა აღდგენითი ჭიქურებით (ძირითადი ფერები: ღვინისფერი, ცისფერი) შექმნილმა გეომეტრიულმა გამოსახულებებმა და ფიგურატიულმა მხატვრობამ – შავ ფონზე წარმოდგენილია ხევსურული ხალიჩისა და სამოსის ორნამენტის ფერადი ნახატები, ქართ. ტაძრების რელიეფებიდან აღებული ჩუქურთმების მოტივები და ა. შ. ნიმუშთა ფორმებზე გამოჩნდა ეთნოგრ. და ფოლკლორული ტიპაჟები, ყოფითი სცენები, აბსტრ. გამოსახულებები და სხვ. თანამედროვე ქართ. პროფესიულ კერამიკაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ანგობით, ფერადი და მაიოლოკის ჭიქურებით, სხვადასხვა პიგმენტითა და მარილით შემკობილ წითელი თიხისა და შამოტით დამზადებულ ნიმუშებს.

XX ს. II ნახ-ის საქართვ. სხვადასხვა რეგიონში შედარებით შემცირებული მასშტაბით აგრძელებს ფუნქციონირებას ხალხ. კერამიკის საწარმოო კერები, სადაც ძირითადად კვლავ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების მოხატულ-მოჭიქული წითელი თიხის ჭურჭლის ნიმუშები მზადდება (კასპის მუნიციპ., სოფ. ახალქალაქი; თელავის მუნიციპ., სოფ. იყალთო; სიღნაღის მუნიციპ., სოფ. ბოდბისხევი; ახალგორის მუნიციპ., სოფ. ცხავატი, ზესტაფონის მუნიციპ., სოფ. შროშა და სხვ.).

ლიტ.: ბოჭორიშვილი ლ., ქართული კერამიკა, [ტ.] 1 – კახური, თბ., 1949; გაგოშიძე ი., სამადლოში მოპოვებული მოხატული ჭურჭელი, „ძეგლის მეგობარი“, 1970, №23; კერამიკა მოჭიქული ჭურჭელი, თბ., 1964; კერამიკა წითელი თიხის ჭურჭელი, თბ., 1964; კიკნაძე ნ., XX საუკუნის ქართული პროფესიული კერამიკა, თბ., 2020; მაისურაძე ზ., ქართული მხატვრული კერამიკა XI–XIII სს., თბ., 1953; საქართველოს ისტორია, [ტ] 1, თბ., 2012; ჯაოშვილი ვ., კერამიკული მრეწველობა საქართველოში, თბ., 1958; ჯაფარიძე ვ., ქართული კერამიკა (XI–XIII სს.), თბ., 1956.

ს. ჩიტორელიძე