„მოხეური“, მთიულურ ცეკვათა ჯგუფის ერთ-ერთი სახეობა. შინაარსში იგულისხმება დაძმობილება, ქალ-ვაჟის ტრფიალი, ნადირობა. ძირითადად სრულდება მთიულურისათვის დამახასიათებელი მოძრაობებით, თუმცა „მ.“ მთიულურთან შედარებით, უფრო ნელა, საშუალო ტემპით სრულდება და ნაკლებად ახასიათებს ცერ- და მუხლილეთები. ქალ-ვაჟთა ცეკვაში წარმმართველი არის ვაჟი, რ-იც ქალთან დამოკიდებულებაში თავაზიანი და მოკრძალებულია. ცეკვაში შეიძლება მონაწილეობდეს ერთი ან რამდენიმე წყვილი (ქალ-ვაჟი) ან მთელი ჯგუფი. ვაჟების მიერ შესრულებულ „მ-ს“ შეჯიბრების სახე აქვს. მისი მუს. ზომაა 5/8. გამოყენებულია დ. თორაძის ბალეტ „გორდაში“.
ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2010; ფხაკაძე თ., სართულიანი ფერხულები საქართველოში, „ხანძთა“ 2006, №4; ჯავრიშვილი დ., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2018.