გიორგი სინგელოსი (Geōrgios ho Syngellos)(გ. 810-ის შემდეგ), VIII–IX სს. ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე.
786–806, ტარასის პატრიარქობის დროს, მისი მდივნის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ განმარტოვდა მონასტერში, სადაც დაწერა თავისი „ქრონიკა" (მსოფლიო ისტორია ადამიდან დიოკლეტიანეს კეისრობამდე), რ-შიც გამოყენებული აქვს „დაბადების" ტექსტი, ალექსანდრიელი ქრონისტების პანდორესა და ანნიანეს თხზულებები. გ. ს-ის „ქრონიკა" გააგრძელა თეოფანე ჟამთააღმწერელმა.
გ. ს-ის გადმოცემით, ნოემ იაფეტს სხვა ქვეყნებთან ერთად იბერია და კოლხეთიც არგუნა. ნოეს შვილებს შორის ასახელებს თობელს, მოსოხს, თარსუსს – „საიდანაც არიან იბერიელები". იაფეტისგან წარმოშობილ ტომებს მიაკუთვნებს კოლხებს, კორზენებს, ხალიბებს, მოსინიკებს. ავტორი პომპეუსის მიერ მოპოვებულ სამხ. წარმატებებს შორის იბერებსა და კოლხებზე გამარჯვებასაც აღნიშნავს.
საინტერესოა გ. ს-თან დაცული ცნობა, რომ რომში პომპეუსის ტრიუმფში მონაწილე ტყვეებს შორის იყვნენ კოლხთა, ანუ ლაზთა მეფე და იბერიელთა ოცი მთავარი (არქონტები).
გ. ს-ის ცნობებში განსაკუთრებით საყურადღებოა ცნობა 532-წლიანი მოქცევის შესახებ, რ-საც ემყარება ქართ. წელთაღრიცხვა. გ. ს. პირველია ჩვენამდე მოღწეულ ავტორთა შორის, რ-იც ამ წელთაღრიცხვას ხმარობს და ქრისტეს დაბადებას მეთერთმეტე მოქცევის 181-ე წლით ათარიღებს.
თხზ. [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 1, თბ., 1941.
ლიტ.: ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.
ნ. მიწიშვილი