მოჯალაბე, ყმა გლეხთა უმდაბლესი სოციალური კატეგორია XVII–XIX სს. დას. საქართველოში. დოკუმენტებში მ. ზოგჯერ იწოდება მესადგომედ ან მოსახლედ (მეგრ. – დელმახორე, მეახორე; აფხ. – ახაშვალა). მ. საბუთებში პირველად 1637 მოიხსენიება, ტერმინი „მოსახლე“ (მოსასახლე) კი – უფრო ადრე, 1578. მ. იყო ტყვე, ნამზითვი ან ნასყიდი ადამიანი. მას საკუთარი მიწა და კარ-მიდამო არ გააჩნდა, თავისი ოჯახით მებატონის კარზე ცხოვრობდა, მის სრულ განკარგულებაში იყო და ყველაზე მძიმე და სათაკილო სამუშაოს ასრულებდა (ღორის მწყემსვა, შეშის დამზადება, ღომის ცეხვა). ბატონს შეეძლო მ. დაეგირავებინა, გაეჩუქებინა ან მისი ოჯახის წევრები ცალ-ცალკე გაეყიდა. მ-ს ეკრძალებოდა ქალიშვილის გათხოვებაც, რ-საც ხშირ შემთხვევაში მოახლედ ატანდნენ მზითევში ბატონის ქალს. მ. თითქმის მონურ მდგომარეობაში იყო იმ განსხვავებით, რომ ბატონს მისი მოკვლის უფლება არ ჰქონდა. გლეხის გადაყვანა ამ კატეგორიაში სასჯელის ერთ-ერთ უმძიმეს ზომად ითვლებოდა. მ. ყმობიდან გათავისუფლდა სხვა გლეხებთან ერთად საგლეხო რეფორმის დროს.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის, თბ., 1938; ბოროზდინი კ., ბატონყმობა სამეგრელოში, ტფ,, 1924; ძიძიგური ი., საგლეხო რეფორმა აფხაზეთში, სოხ., 1960; სანაძე მ., გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV–XVIII საუკუნეებში, თბ; 1979.
ქ. ჩხატარაიშვილი