მჟავანაძე ვასილ პავლეს ძე

ვ. მჟავანაძე 

მჟავანაძე ვასილ პავლეს ძე [7(20). IX. 1902, ქუთაისი, – 31. VIII. 1988, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში), საქართველოს სსრ კპ ცკ-ის პირველი მდივანი (1953–72), გენ.-ლ. (1944), სოციალ. შრომის გმირი (1962). 1924-იდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1927 გახდა კპ(ბ) წევრი. დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) სამხ.-პოლიტ. აკადემია (1937). 1939–40 არმიის პოლიტ, განყ-ბის უფროსისა და არმიის კომისრის რანგში მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში. იყო ბალტიისპირეთის განსაკუთრებული სამხ. ოლქის პოლიტ. განყ-ბის უფრ. და ბრიგადის კომისარი (1940). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვაში და ლენინგრად-ნოვგოროდის შეტევით ოპერაციაში. 1942 დეკემბერიდან იყო ლენინგრადის ფრონტის 42-ე არმიის და ბალტისპირეთის მე-3 ფრონტის მე-2 დამრტყმელი არმიის სამხ. საბჭოს წევრი. 1942 მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება. 1945–53 იყო ხარკოვის, კიევისა და კარპატისპირეთის სამხ. ოლქების პოლიტ. სამმართველოს უფროსი. 1956 აირჩიეს სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს (პრეზიდიუმის) წევრობის კანდიდატად. იყო სსრკ უმაღლ. საბჭოს IV–VIII მოწვევის დეპუტატი. 1964 მ-მ დაუჭირა მხარი ხრუშჩოვის მოწინაღმდეგე ბანაკს საბჭ. ხელმძღვანელობაში. მისი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი გაკეთდა თბილისის კეთილმოწყობისა და განაშენიანებისთვის, საბჭოთა რეჟიმის პირობებში განვითარდა ეკონომიკა, კულტურა, მეცნიერება, ამაღლდა ცხოვრების დონე. 1972 სექტ. . გაათავისუფლეს პირველი მდივნის თანამდებობიდან. სიცოცხლის ბოლომდე, ცხოვრობდა მოსკოვთან ახლოს მდებარე დასახლება ჟუკოვკაში.

მიღებული აქვს უმაღლესი დონის სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: მჟავანაძე ნ., კახაძე მ., ასეთი იყო ჩემი საქართველო, თბ., 2013; ნათმელაძე მ., დაუშვილი ალ., საქართველოს უახლესი ისტორია (1921–2000), თბ., 2004; შველიძე დ., საქართველოს უახლესი ისტორია (1917–2012), თბ., 2021.

უ. ბლუაშვილი

მ. გოგიტიძე