მჟავია დავით ალექსანდრეს ძე (18. VIII. 1954, თბილისი, – 21. VI. 2010, დუბნა, რფ), ფიზიკოსი, ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1997). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1976). იმავე წელს დაიწყო მუშაობა ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (ბკგი); (დუბნა). ხელმძღვანელობდა ქართვ. მეცნიერთა ჯგუფს და მათთან ერთად ჩაატარა მიუონის და პი- მეზონის იშვიათი და აკრძალული დაშლის პროცესების კვლევა (1976–92) APEC დანადგარზე, რ-იც მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა. მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა აღნიშნულ პროცესებში ლეპტონური რიცხვის შენახვა 10-11 სიზუსტით (აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო შედეგად მსოფლიოში). 1992–99 მუშაობდა პ. შერერის ინ-ტში (შვეიცარია). ამ პერიოდში მ-ს აქტიური მონაწილეობით SINDRUM დანადგარის მეშვეობით მიუონ-ანტიმიუონის კონვერსიაზე მიიღეს მსოფლიოში საუკეთესო შედეგები. მ-მ ჩაატარა Csl-ის კრისტალების მასშტაბური კვლევა და მოკლე დროში მიიღო დიდი ზომის და შესაბამისი მახასიათებლების მქონე Csl-ის კრისტალები, რაც ძალზე რთული იყო. მისი წინადადებით ეს კრისტალები გამოიყენეს PIBETA კოლაბორაციის სპექტრომეტრისთვის უნიკალური კალორიმეტრის შესაქმნელად. მ-ს ამ მიღწევამ განაპირობა მსოფლიო კლასის შედეგების მიღება. ამის შემდეგ მ-მ, როგორც PIBETA კოლაბორაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, წარმოადგინა იშვიათი პროცესების შემდგომი კვლევების ახალი პროგრამა. მ. ხელმძღვანელობდა ბკგი-ის შუალედური ენერგიების განყ-ბას (1999–2010). ამ პერიოდში მან მნიშვნელოვნად გააფართოვა კვლევის სფერო, აქტიურად თანამშრომლობდა ბირთვული ფიზიკის კვლევით ცენტრთან (ოსაკა) და ელემენტარული ნაწილაკების ინ-ტთან (ცუკუბა, ორივე იაპონია). მ. სამეცნ. ნაშრომების ავტორია, ეწეოდა ნაყოფიერ პედ. საქმიანობას.