მრავალთავი

მრავალთავი, უძველესი ჰომილეტიკურ-ლიტურგიული კრებული, რ-შიც შედიოდა მთელი წლის ლიტურგიული კალენდრიდან გამოკრებილი, ძირითადად საუფლო და წლის დიდი საეკლესიო დღესასწაულებისათვის განკუთვნილი საკითხავები (ჰომილიები). -ის ეორტალოგიური ციკლი ხარების დღესასწაულით იწყება, რაც მის იერუსალიმურ წარმოშობასა და არქაულობაზე მიუთითებს. დღეისათვის ცნობილია ქართული -ის რამდენიმე ნუსხა, რ-თაგან უძველესი VIII ს-ით თარიღდება (ხანმეტი მრავალთავი).

ქართ. -ის, როგორც კრებულის, ჩამოყალიბება ქართ. მწერლობის განვითარების ადრეულ პერიოდში, V ს-ში ივარაუდება და იგი იერუსალიმურ ლექციონართან და უძვ. იადგართან ერთად იერუსალიმური საღვთისმსახურო პრაქტიკის ამსახველ ძეგლს წარმოადგენს. თვით ტექსტები, ძირითადად, ბერძნულიდან არის თარგმნილი.

კრებულის განვითარების ისტორიაში გარდამავალ ეტაპად ითვლება VIII ს., როდესაც მასში, ლიტურგიული მასალის გარდა, აბო თბილელის წამების ტექსტი შეიტანეს. კრებულის სტრუქტურის ასეთი ძირეული ცვლილება კი მხოლოდ საქართველოში შექმნილი ისტ. ვითარებით შეიძლება აიხსნას: VIII–X სს. საქართველოში არაბობის ხანაა და, როგორც ჩანს, ამ მოვლენასთან ქართველთა ეროვნ. დამოკიდებულება აისახა თვით ჰომილეტიკურ-ლიტურგიკულ კრებულშიც, რ-შიც, პროტესტის ნიშნად, ქრისტიანობისათვის წამებული არაბი აბოს წამების ტექსტი შეიტანეს.

ეს და სხვა მრავალი ფაქტი მოწმობს, რომ ქართ. კრებული საკმაოდ ადრე გამოეყო თავის ბერძნულ მოდელს და თითოეული მათგანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, განვითარების საკუთარ გზას დაადგა. X ს. დასასრულისათვის მთავრდება ქართ. კრებულის განვითარება. იგი საბოლოოდ კარგავს პირვანდელ სახეს და ჩვეულებრივი ჰომილეტიკურ-ჰაგიოგრაფიული კრებული ხდება. ამიტომ უძველესმა ქართულმა -ებმა შემოგვინახა ქრისტ. ეკლესიის წმინდა მამების, სხვა ბიზანტ. ავტორთა და მათში უფრო გვიან შეტანილი, ქართვ. ავტორების ჰომილიები და ჰაგიოგრაფიული ტექსტები (როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური).

ქართ. -ები და მათში დაცული ტექსტები მრავალმხრივ იპყრობს სპეციალისტთა ყურადღებას. ეს კრებულები საინტერესოა როგორც უძველესი ლიტურგიკული ძეგლები იერუსალიმური და ქართ. ქრისტ. ეკლესიების ისტორიის შესასწავლად. მათში შემონახული ტექსტები საყურადღებოა ქართ. ენის ისტორიის თვალსაზრისით, ამასთანავე აქ გვხვდება უძველესი თარგმანები ბერძნ. ჰომილიებისა, რ-თა ორიგინალები არაერთ შემთხვევაში დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ზოგჯერ ქართ. -ის მასალა ჰომილიის შედგენილობის პირვანდელი სახის აღდგენისა და მისი ავტორის დადგენის საშუალებასაც იძლევა. ამდენად, თითოეული -ის არქაული ფენის გამოვლენა თავისი მნიშვნელობით ბიზანტ. მწერლობაში დღეისათვის დაკარგული უძველესი ბერძნ. ჰომილიების სტრუქტურის აღდგენის ტოლფასია.

ლიტ.: აბულაძე ი., შრომები, ტ. 3, თბ., 1982; მაისურაძე მ., ღამბაშიძე ა., ჩხენკელი მ., ათონის მრავალთავი, თბ., 1999; მგალობლიშვილი თ., კლარჯული მრავალთავი, თბ., 1991; შანიძე ა., ხანმეტი მრავალთავი. – «ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე», ტ. 7, ტფ., 1926; მისივე, სინური მრავალთავი 864 წლისა, თბ., 1959 (ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, ტ. 5); შანიძე ა., ჭუმბურიძე ზ., უდაბნოს მრავალთავი, თბ., 1994; Garitte G., Catalogue des manuscrits g orgiens litt raires du Mont Sina. – «Corpus Scriptorum Christianorum Orientalium», vol. 165, Louvain, 1956; Esbroeck M. van, Les plus anciens hom liaires g orgiens, Louvain-la-Neuve, 1975.

თ. მგალობლიშვილი