„მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“

"მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო". ლოგო.

„მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“, პოლიტიკური პარტიების ბლოკი 1990–94. 1990 წ. 11–13 მარტს თბილისში ჩატარდა დამოუკიდებლობის მომხრე ქართ. პოლიტ. ორგანიზაციების კონფერენცია, რ-ის მიზანი იყო ეროვნ.-განმათავისუფლებელი მოძრაობის საკოორდინაციო საბჭოს – ეროვნ. ფორუმის შექმნა. კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტ. პოზიცია: პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა სსრკ-ის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართვ. სსრკ შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის (ე. წ. „ლიტვის გზა“). სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტ. განვითარებას შეუძლებლად მიიჩნევდნენ და მოითხოვდნენ საბჭ. არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ – თავისუფლება, შემდეგ – დამოუკიდებლობა“ [ეროვნ.-დემოკრ. პარტია (გ. ჭანტურია), ეროვნ. დამოუკიდებლობის პარტია (ი. წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თ. ჟორჟოლიანი), მხედრიონი (ჯ. იოსელიანი), რ-ებმაც ჩამოაყალიბეს „ეროვნული კონგრესი“]. პოზიციებზე შეუთანხმებლობის გამო ზ. გამსახურდიამ და მისმა მომხრე პოლიტ. ორგანიზაციებმა დატოვეს კონფერენცია და შექმნეს პოლიტ. ალიანსი „მ. მ. – თ. ს.“. მასში შევიდა 7 დამოუკიდებელი პარტია და ორგანიზაცია: საქართველოს ჰელსინკის კავშირი, სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზ-ბა, სრულიად საქართველოს მ. კოსტავას საზ-ბა, ქართვ. ტრადიციონალისტთა კავშირი, საქართვ. ეროვნ. ფრონტი – რადიკალური კავშირი, საქართვ. ეროვნ.-ლიბერალური კავშირი, საქართველოს ეროვნ.-ქრისტ. პარტია. 1990 მაისის ბოლოს ბლოკმა სამოქმედო პროგრამა წარადგინა. მთავარი პოლიტ. მიზანი ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით – საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება იყო. 1990 წ. 28 ოქტომბერს „მ. მ. – თ. ს-მ“ მონაწილეობა მიიღო საბჭ. საქართვ. ისტორიაში პირველ მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებში, მიიღო ხმათა 53,99% და მოიპოვა უმრავლესობა საქ. სსრ უზენაეს საბჭოში. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე იმავე წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სესიამ მიიღო საქართვ. დამოუკიდებლობის აქტი, საპრეზიდენტო არჩევნებში კი ხმების 87% მოიპოვა „მ. მ. – თ. ს-ს“ კანდიდატმა, ზ. გამსახურდიამ, რ-იც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა.

ხელისუფლებაში მომხდარი განხეთქილებით გამოწვეული 1992 იანვრის სამხ. გადატრიალების შემდეგ, წლების განმავლობაში აგრძელებდა არსებობას დევნილობასა თუ ოპოზიციაში. 1992–94 წლებში ბლოკი მოქმედებდა როგორც „პარალელური ხელისუფლება“, რ-იც არ აღიარებდა არსებულ რეალობას და ცდილობდა ძალაუფლების დაბრუნებას როგორც პოლიტ. (მიტინგები, დევნილი პარლამენტი გროზნოში), ისე სამხედრო გზით.

ზ. გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ „მ. მ. – თ. ს.“ ფაქტობრივად დაიშალა.

ლიტ.: ბლუაშვილი უ., საქართველოს ისტორია 1900–2016, თბ., 2016; საქართველოს ისტორია, XX საუკუნე, თბ., 2003; შველიძე ლ., საქართველოს უახლესი ისტორია (1917–2012), თბ., 2021.