მრევლიშვილი ალექსანდრე რომანოზის ძე [3 (15). VIII. 1866, მცხეთა, − 25. XII. 1933, თბილისი], ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართვ. დამს. მხატვარი (1931), თანამედროვე ქართ. რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაწყებითი განათლება მიიღო თბილ. სას. სასწავლებელში, სადაც ასწავლიდა ცნობილი ისტორიკოსი მ. ჯანაშვილი, რ-მაც ხელი შეუწყო მომავალი მხატვრის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. სწავლა განაგრძო მხატვარ ლ. ლონგოს კერძო სტუდიაში, შემდეგ – მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში (1884–90), სადაც სადიპლომო ნაშრომისათვის „გოლგოთა“ ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 1898–1901 სწავლობდა პარიზში, ჟულიენის აკადემიაში. იმოგზაურა იტალიასა და გერმანიაში.
მ-ის მიერ შექმნილი სახეები ხასიათდება ცხოვრებისეული სიმართლით, ეროვნ. თვითმყოფადობით. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „სოფლის კანცელარიასთან“ (1899), „უკანასკნელი მცველნი“ (XIX ს. 90-იანი წწ.), „დაბალი ღობე“ (1900), „გზაჯვარედინზე“ (1903), „კრწანისის ბრძოლის შემდეგ“ (1900–20; ყველა დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში). მისი ილუსტრაციებითაა გაფორმებული ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“, ქართ. ზღაპრები. ასევე საინტერესოა მხატვრის მიერ ნატურიდან შექმნილი მცირე ზომის ჩანახატები. მ. ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა პორტრეტის ჟანრში. იგი წერდა ლირიკულ ლექსებს, წერილებს მხატვრობის შესახებ; შეკრიბა და გამოსაცემად მოამზადა ორასამდე იგავ-არაკი, ზღაპრები. მასვე ეკუთვნის მოთხრობა „სცენა სოფლის სამმართველოში“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის თბილ. განყ-ბის მუდმივი წევრი (1917–22). თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა.
ლიტ.: იმედაშვილი ი., ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, ტ. 3, თბ., 2023; ნაცარაშვილი ო., კახეთის გამოჩენილი ადამიანები, თბ., 2001.
თ. გერსამია