მრევლიშვილი ანდრია გიორგის ძე

მრევლიშვილი ანდრია გიორგის ძე (1823, სოფ. იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 5. IX. 1889, ქუთაისი), პედაგოგი, ფოლკლორისტი.

1843 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. იმავე წლიდან ასწავლიდა თელავის სას. სასწავლებელში, შემდეგ – თბილისის სამრევლო სკოლაში, 1844–50 – დუშეთის სამაზრო სასწავლებელში. 1850–54 . კავკასიის სასწ. ოლქის მმართველობამ გაგზავნა ახალციხის სამაზრო სასწავლებელში მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად, 1854 კი რაჭაში მიავლინეს, სადაც პირველდაწყებითი სასწავლებლის გახსნა დაავალეს, 1856 ამ სკოლის ზედამხედველის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1857 . ქუთაისის ორწლიანი პირველდაწყებითი სასწავლებლის ზედამხედველად და რუს. ენისა და მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა. „მრევლოვის კლასი“ ქუთაისის გუბერნიის ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული სასწავლებელი გახდა. დ. კლდიაშვილი თავის მემუარებში წერს: „როცა ერთრიგად მოვმაგრდი სწავლაში, მამაჩემმა მიმაბარა მრევლოვის სასწავლებელში... თვით სასწავლებლის გამგე, ანდრეი ივანოვიჩ მრევლოვი, მშვენიერი, ტკბილი, ბავშვების მოკეთე ადამიანი იყო, ჩვენც ძლიერ გვიყვარდა“. -მა სწორად აუღო ალღო XIX ს. 60–70-იან წლებში არსებულ პოლიტ. ვითარებას და მოქნილი პოლიტიკით სკოლაში გააუმჯობესა როგორც ქართ. ენის, ისე ტექ. საგნების, ფიზკულტ. და მუს. სწავლებაც.

-მა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართ. სიმღერა-საგალობლებს, რ-ებიც თანდათან მივიწყებას ეძლეოდა და დაიწყო მათი ნოტებზე გადატანა. 1878, 1884 და 1886 საქართველოში გამომავალი ჟურნ.-გაზეთებიდან ირკვევა, რომ -მა აღადგინა, დახვეწა და ნოტებზე გადაიღო მრავალი სიმღერა-გალობა, რ-თა გამოცემაც უსახსრობისა და ტექ. სიძნელის გამო ვერ განახორციელა. სამწუხაროდ, ამ ნაშრომის ბედი გაურკვეველია.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 2, თბ., 1955.

თ. ალიბეგაშვილი