მრევლიშვილი მაყვალა ალექსანდრეს ასული [14 (27). II. 1909, თბილისი, – 5. IX. 1992, იქვე], პოეტი, შოთა რუსთაველის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1973). 1930 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ გამოაქვეყნა 1927, ხოლო პირველი წიგნი „ლექსები“ – 1940. II მსოფლიო ომის თემაზე შექმნა პოემა „ჭირნახული“. საყოველთაო აღიარება მოიპოვა ლექსთა კრებულებმა: „ქართვლის უბეში“ (1950), „ლექსები“ (1958), „ჩემი ზეკარი“ (1960), „გულისა“ (1961) და პოემამ „მზისკენ“ (1962). საგულისხმოა მისი ღვაწლი საბავშვო მწერლობის განვითარებაში. ბავშვების საყვარელი ლექსები გახდა „დილა მშვიდობისა“, „ჯეჯილში“, „ჩიტო–ჩიტო“, „კიკლი–კიკლი კიბესა“, „შენ გიგალობ, პატარავ“ და სხვ. პოემები: „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „ბიჭი-ბიჭანჭური“. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისივე გადამუშავებული ზღაპრები: „ირმისა“, „კომბლე“. თარგმნა და გამოსცა ლიტ. ზღაპარი „მზის დამხსნელი“, შარლ დე კოსტერის „ულენშპიგელის ლეგენდა“; ფრანგ. ხალხ. საბავშვო ლექსები „თამაშ-თამაშ“ (1972). 1991 მიენიჭა შიო მღვიმელის სახ. პრემია.
მ-ის პოეზია თარგმნილია რუს., უკრ., ჩეხურ, სლოვაკ. ენებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: დილა მშვიდობისა, თბ., 1950; კიკლი-კიკლი კიბესა, თბ., 1957; 2022; ბიჭი-ბიჭანჭური, თბ., 1969; დედას ჩიტი, თბ., 1983; საბავშვო ლექსები, თბ., 2014.
ლიტ.: მაყვალა მრევლიშვილი, თბ., 1976.