მსაჯულთუხუცესი, მდივანბეგი. გვიანფეოდალურ საქართველოში სასამართლო დაწესებულების შესატყვისი რამდენიმე ტერმინი არსებობდა: მდივანი, სამდივნო სახლი, სამსჯავრო სახლი, სამართალი, სამსაჯულო. შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელების ფუნქცია სხვადასხვა პირს ევალებოდა. მოსამართლის და მსაჯულის სახელწოდებით იხსენიებოდა ის პირიც, რ-საც მეფის თუ სხვა კომპეტენტური მოხელის მიერ ერთი გარკვეული სასამართლო საქმის გარჩევა ჰქონდა დაკისრებული.
მ-ს სისხლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვა ევალებოდა, განაჩენს კი „მდივანბეგის ბეჭდით“ ამტკიცებდა.
მდივანბეგი უფროსი მოსამართლის გავრცელებული სახელი იყო, თუმცა სამართლის ძეგლებში ზოგან მას მ-ს, მოსამართლეთუხუცესს ან საქართველოს მსაჯულს უწოდებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ვახტანგ VI-მ თავის ძმას, იესეს უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა.
წყარო: კეკელია ნ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგ. 1., თბ., 1970; ლეკვეიშვილი მ., მდივანბეგობის ინსტიტუტი გვიანფეოდალურ აღმოსავლეთ საქართველოში, დისერტაცია იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1953; გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 23.
ი. უჯმაჯურიძე