მსიგხუას წარწერები

მსიგხუას წარწერები, IX–X სს. ერთ-ერთი უძველესი ქართული ასომთავრული წარწერები დას. საქართველოდან. რელიეფური წარწერები განთავსებულია კრამიტის კალიპტერებზე, რ-ებიც აღმოჩნდა 1962 სოფ. პრიმორსკოეს (ყოფ. გუდაუთის რ-ნი) მახლობლად მსიგხუას მთაზე მიკვლეული ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას. წარწერების მიხედვით, კალიპტერები ორი ტიპისაა. პირველი ტიპის კალიპტერის (ზომა 15,5×10 სმ) ცენტრში გამოსახულია „მალტური“ ჯვარი და სამსტრიქონიანი წარწერა, რ-იც იკითხება ქვემოდან ზემოთ; ტექსტის ბოლო სიტყვის („ან“) ასოები იკითხება სარკისებურად. ყველა კალიპტერი დამზადებულია ერთ ყალიბში; ცნობილია 30 ცალი (28 ინახებოდა ბიჭვინთის ტაძარში, 2 – ხელნაწერთა ინ-ტში). წარწერის ტექსტი ასეთია: „ქრისტე, შეიწყალე მიქაელ, ამენ“. II ტიპის კალიპტერის (ზომა: 13,5×10 სმ) ცენტრში გამოსახულია „მალტური“ ჯვარი; მის ზედაპირზე ორსტრიქონიანი წარწერაა, რ-იც იკითხება ქვემოდან ზემოთ; სიტყვა „ამენ“ ისევ შეტრიალებულად (სარკისებურად) იკითხება. ყველა კალიპტერი დამზადებულია ერთ ყალიბში; ცნობილია 16 ცალი (15 ინახებოდა ბიჭვინთის ტაძარში, 1 – ხელნაწერთა ინ-ტში). წარწერის ტექსტი ასეთია: „მიქაელ, ამენ“. წარწერები კალიპტერების ორივე ტიპზე, პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, თარიღდება IX–X სს-ით: ლ ასო გადმოცემულია დაბალი ყელით და აქვს ნუსხურისაკენ მიდრეკილება, ე და ლ ასოების განივი ხაზი მარცხნივ არ გადადის.

ლიტ.: ქართული წარწერების კორპუსი (ლაპიდარული წარწერები, [წგ.] 2, ნაკვ. 1, ვ. სილოგავას გამოც., თბ., 1980.

ვ. სილოგავა