მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი (World Bank Group), საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მოიცავს სხვადასხვა დროს შექმნილ ფუნქციურად, ორგანიზაციულად და ტერიტორიულად გაერთიანებულ 5 ორგანიზაციას. მათი საქმიანობის მიზანია განვითარებადი ქვეყნებისათვის ფინანს. და ტექ. დახმარება. მ. ბ. აერთიანებს 189 წევრ ქვეყანას და წარმომადგენლობები აქვს 130-ზე მეტ ქვეყანაში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ვაშინგტონში (აშშ).

თავდაპირველად მ. ბ. ასოცირდებოდა 1944 შექმნილ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშ. ბანკთან (The International Bank for Reconstruction and Development – IBRD), რ-იც II მსოფლიო ომის შემდგომ ახორციელებდა ევრ. და იაპონიის მხარდაჭერას. მოგვიანებით, 1960, შეიქმნა განვითარების საერთაშ. ასოციაცია, რ-მაც იტვირთა ამ ბანკის პოლიტიკასთან დაკავშირებული ფუნქციების ნაწილი.

მ. ბ-ის ჯგუფში შედის შემდეგი ორგანიზაციები: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშ. ბანკი (International Bank for Reconstruction and Development – IBRD); განვითარების საერთაშ. ასოციაცია (International Development Association– IDA); საერთაშ. ფინანსური კორპორაცია (International Finance Corporation–IFC); საინვესტიციო გარანტიების მრავალმხრივი სააგენტო (Multilateral Investment Guarantee Agency – MIGA); საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო სააგენტო (International Centre for Settlement of Investment Disputes – ICSID).

მ. ბ-ის. ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს დაბალპროცენტიან, უპროცენტო სესხებს და გრანტებს, რ-ებიც გამოიყენება ინვესტირებისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სახელმწ. მართვა, ფინანს. და კერძო სექტორის განვითარება, ინფრასტრუქტურა. მ. ბ-ის ჯგუფი თანამშრომლობს ეროვნ. მთავრობებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზ-ბის ორგანიზაციებთან, განვითარების რეგიონულ ბანკებთან, კვლევით ცენტრებთან და სხვა საერთაშ. დაწესებულებებთან კლიმატის ცვლილების, კონფლიქტების მოგვარების, სურსათის უსაფრთხოების, განათლების, სოფლის მეურნეობის, ფინანს. და ვაჭრობის პრობლემების გადასაჭრელად და სხვ. ეს საქმიანობა ხელს უწყობს მ. ბ-ის ჯგუფის ორი ურთიერთდაკავშირებული მიზნის მიღწევას – 2030-თვის აღმოიფხვრას უკიდურესი სიღარიბე და დაჩქარდეს ყველა ქვეყნის უღარიბესი (40%) მოსახლ. კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

საქართველო მ. ბ-ის ჯგუფის წევრი გახდა 1992 წ. 7 აგვისტოს. მისი მუდმივი წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა 1997. XX ს. 90-იანი წლებიდან თანამშრომლობა დაიწყო ინსტიტუციური მშენებლობის პროექტით, რ-საც მოჰყვა მთავრობის რეფორმირება საბაზრო მექანიზმებისა და კონტროლის დახვეწის მიზნით, აგრეთვე მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა. 2004-იდან მ. ბ-ის პროგრამა გათვლილი იყო სახელმწ. სექტორის მართვისა და სოც. დაცვის სისტემის სრულყოფის მიზნებზე, კერძო სექტორის განვითარებასა და საქართვ., როგორც სატრანსპორტო კორიდორის, როლის გაძლიერებაზე. 2010–11-ში მ. ბ-მა გაასამმაგა საქართვ. დაკრედიტების მოცულობა, 2010–14-ში ხელს უწყობდა საქართვ. რეგიონულ და ტურიზმის განვითარებას, სახელმწ. მმართველობას, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის სრულყოფას, გზების მშენებლობას (2014-იდან). განახორციელა საქართვ. ინოვაციური ეკოსისტემის, საყოველთაო ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობითი პროექტები. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, 2017-იდან სისტემატურად ხორციელდება დიაგნოსტიკა ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემებისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით. მათ გადასაწყვეტად მუშავდება შესაბამისი დაფინანსების პროგრამები და საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიები. 2021-იდან მ. ბ. საქართველოში ახორციელებს „მწვანე და მდგრადი საქართველოს“, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწების, კახეთის სატრანსპორტო კავშირის განვითარების, ადამიანური კაპიტალისა და მიკრო-, მცირე და საშ. საწარმოების განვითარების პროექტებს.

ლიტ.: მესხია ი., საერთაშორისო ფინანსები, თბ., 2012; A guide to the world Bank, Washington, DC: World Bank, 2011; Tenney S., Salda A. C., Historical Dictionaries of The World Bank, Bloomsbury pullishong, 2013.

ლ. ელიავა