მსოფლიო ეკონომიკა, სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კავშირები, მოიცავს საქონლის წარმოებასა და მომსახურებას, საერთაშორისო ვაჭრობას, ფინანსური ბაზრების ურთიერთქმედებას, კაპიტალის საზღვრებს გარეთ გადინებასა და სამუშაო ძალის საერთაშორისო მობილობას. იგი გლობალური ეკონომიკის სინონიმია და გამოხატავს ყველა ეკონ. საქმიანობას, რ-იც აერთიანებს ქვეყნების ეკონ. სისტემებს, რესურსებს, წარმოებასა და მოხმარებას. მასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მ. შ. ქვეყნების ეკონ. პოლიტიკა, ტექნოლ. წინსვლა, გეოპოლიტიკური მოვლენები, გლობალური ბაზრისა და დემოგრ. ტენდენციები. მ. ე-ის მატერ. საფუძველია შრომის საერთაშ. დანაწილება და სპეციალიზაცია, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს, მიიღონ შედარებითი უპირატესობა ვაჭრობაში.
მ. ე-ის კლასიფიკაცია ეფუძნება ქვეყნების დაჯგუფებას სხვადასხვა ეკონ. მაჩვენებლისა და მახასიათებლის მიხედვით, შესაბამისად, ქვეყნები იყოფა განვითარებული, გარდამავალი და განვითარებადი სტატუსის მქონედ.
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, მაღალშემოსავლიანია ქვეყნები, რ-თა მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე აღემატება 40 ათას აშშ დოლარს (ლუქსემბურგი, შვეიცარია, ნორვეგია, ირლანდია და სხვ.); მაღალი კატეგორიის საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 12-იდან 40 ათასამდე აშშ დოლარს (სამხრ. კორეა, ისრაელი, ესპანეთი და სხვ.); დაბალი კატეგორიის საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში – 4-იდან 12 ათასამდე აშშ დოლარს (ჩინეთი, ბრაზილია, სამხრ. აფრიკა და სხვ.), ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში – 4 ათას აშშ დოლარზე ნაკლებს (ინდოეთი, ნიგერია, ბანგლადეში და სხვ.).
მ. ე-ის ფორმირება რთული ისტ. პროცესია, რ-იც საუკუნეებს ითვლის. საერთაშ. ვაჭრობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე ერთმანეთთან აკავშირებდა მესოპოტამიას, ეგვიპტეს, ინდუსის ველის მცხოვრებლებსა და ჩინეთს.
შუა საუკუნეებში განვითარდა სავაჭრო გზები. აბრეშუმის გზის მეშვეობით კავშირი მყარდებოდა ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის – ვაჭრობდნენ აბრეშუმით, სანელებლებითა და სხვა ძვირფასი საქონლით.
კოლონიალიზმის ხანაში (XV–XVIII სს.) ევროპელების დიდმა გეოგრ. აღმოჩენებმა და ახ. სავაჭრო გზების გაკვალვამ გაზარდა გლობალური ვაჭრობა. ახ. კოლონიებიდან მოპოვებული რესურსები გაჰქონდათ ევრ. ქვეყნებში.
ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში (XVIII–XIX სს.) წარმოების, ტრანსპორტირებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევებმა ხელი შეუწყო გლობალური სავაჭრო ქსელის გაფართოებას.
XX ს-ში ტრანსპორტის, კომუნიკაციის საშუალებათა (ტელეგრაფი, ტელეფონი, ინტერნეტი), ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშგებების საერთაშ. სისტემის დანერგვამ განაპირობა ქვეყნების ეკონომიკის შემდგომი ინტეგრაცია, ხოლო საერთაშ. სავაჭრო ხელშეკრულებებმა და საერთაშ. ორგანიზაციების (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) შექმნამ ხელი შეუწყო გლობალური ეკონ. თანამშრომლობის განვითარებას.
XX ს. ბოლოს, საბჭ. კავშირის დაშლისა და 1955 წლის ვარშავის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, ყოფ. სოციალ. ქვეყნები (ცენტრ. და აღმ. ევრ. ქვეყნები, საბჭ. კავშირის რესპუბლიკები) გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკაზე და გლობალიზაციამ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო. აზიისა და ლათ. ამერიკის განვითარებადი ქვეყნები (ვიეტნამი, მონღოლეთი, კუბა და სხვ.) შეუერთდნენ გლობალურ ეკონომიკას. მ. ე. რეგიონული სავაჭრო ქსელებიდან გადაიქცა ურთიერთდაკავშირებულ გლობალურ სისტემად, რ-იც ხასიათდება მიწოდების რთული ჯაჭვებით, მრავალეროვნული კორპორაციებითა და ურთიერთდამოკიდებული ფინანს. ბაზრებით.
მ. ე. ვითარდება რეგიონული ინტეგრაციის საფუძველზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ყოვლისმომცველი და პროგრესული შეთანხმება ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობისთვის (CPTPP), აფრიკის კონტინენტური თავისუფალი ვაჭრობის ზონა (AfCFTA) და სხვ., მიზნად ისახავს ეკონ. ურთიერთობების რეგულირებას და ხელშეწყობას, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერებას კონკრეტულ რეგიონებში, შრომისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, სამართლიანი შრომის სტანდარტების უზრუნველყოფას და გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშეწყობას. მსოფლიოში გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებამ აქცენტი მდგრადობაზე გადაიტანა და მოითხოვა „მწვანე“ ეკონომიკის განვითარება. მსოფლიოს ქვეყნების ძალისხმევა ერთიანდება განახლებადი ენერგიის გამოყენებისათვის, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ნახშირბადის ემისიის შემცირებისათვის. ამ მიზნების მისაღწევად გაეროს ყველა წევრი ქვეყანა გაერთიანდა.
საქართველო განეკუთვნება საშუალოდ განვითარებული ქვეყნების ჯგუფს, რ-ის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 10 ათას აშშ დოლარს აღემატება (2025). მისი ეკონომიკა გეოგრ. მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების გამო სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში. იგი არის ევრ. და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანზ. კვანძი, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტების, ნავთობისა და გაზსადენის სატრანსპ. დერეფნების, განვითარებული მილსადენი ტრანსპორტის მეშვეობით. ეს სტრატეგიული მდებარეობა აძლიერებს მის როლს საერთაშ. ვაჭრობასა და ლოგისტიკაში. ანაკლიის პორტი და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტებია, რ-ებიც გააძლიერებს ევროკავშირის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრ. კავკასიის ენერგეტ. პოტენციალის განვითარებას და გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო ეკონომიკაში.
საქართვ. აქტიურად ახორციელებს ვაჭრობის ლიბერალიზაციას და მოიზიდავს პირდაპირ უცხ. ინვესტიციებს (FDI), განსაკუთრებით ენერგეტიკის, ფინანს. საქმიანობის, ტურიზმისა და მრეწველობის სექტორებში. უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორები კი არიან გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (2025).
საქართვ. არის საერთაშ. ბაზრებზე დამოკიდებული ქვეყანა, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევრ. ქვეყნების წილი მესამედზე მეტია, აზიის ქვეყნებისა კი – 60%-ზე მეტი (2025). ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან ევროკავშირი, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი. საქართვ. უმთავრესი საექსპორტო საქონელია სპილენძის მადანი და კონცენტრატები, რ-ებიც ძირითადად იგზავნება ჩინეთსა და ბულგარეთში, ფეროშენადნობები ექსპორტირებულია ევროკავშირსა და აშშ-ში. ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვანი რაოდენობის მეორეული საავტომობილო მანქანების რეექსპორტს, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში. ღვინო, როგორც საქართვ. საფირმო პროდუქტი, გადის ექსპორტზე რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, ბორჯომი და სხვა მინერ. წყლები – რუსეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებში, თხილი – ძირითადად ევრ. ქვეყნებში, მ. შ. იტალიაში, გერმანიაში, თურქეთში და სხვ. საქართველოში იმპორტირებული პროდუქტებიდან აღსანიშნავია ნავთობი და ნავთობპროდუქტები (აზერბაიჯანი, აშშ); მედიკამენტები და ფარმაცევტული პროდუქტები (გერმანია, შვეიცარია და თურქეთი); მანქანები და მექან. მოწყობილობები (თურქეთი, ჩინეთი და გერმანია); ელექტრომანქანები და აღჭურვილობა (ჩინეთი, თურქეთი და გერმანია); მარცვლეული (ძირითადად რუსეთი და უკრაინა); პლასტ. პროდუქტები (თურქეთი და ჩინეთი); რკინა და ფოლადი (რუსეთი, უკრაინა და თურქეთი); ტექსტილი და ტანსაცმელი (ძირითადად თურქეთი და ჩინეთი).
ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ტურიზმის სექტორი, რ-იც იზიდავს ვიზიტორებს ევროპიდან, აზიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. იგი ხელს უწყობს ქვეყნის სავალუტო შემოსავლების ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
საქართვ. სარგებლობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიის (WTO) წევრი, რაც ხელს უწყობს მსოფლიოს ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, რეგიონულ სტაბილურობასა და ეკონ. ინტეგრაციას.
მ. თოქმაზიშვილი
შ. ვეშაპიძე