მსხალი (Pyrus), ხეხილოვანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია 60-მდე სახეობა, საქართველოში გვხვდება 11. მ-ის მნიშვნელოვანი სახეობებია (საიდანაც შეიქმნა კულტ. ჯიშები): P. communis – ველურად იზრდება ევროპაში, დას. და შუა აზიაში; P. nivalis – ევროპასა და აზიაში; P. boissieriana – შუა აზიასა და ირანში; კორჟინსკის მ. (P. korshinskyi) – შუა აზიაში; P. serotina – აღმ. აზიაში; უსურიული მ. (P. ussuriensis) – შორეულ აღმ-ში, ჩრდ.-აღმ. ჩინეთსა და კორეის ნ.-კ-ზე არის მ-ის დეკორ. სახეობაც. მისი კულტ. ჯიშები განირჩევა სიცოცხლის ხანგრძლივობით (200 წლამდე). ხის სიმაღლე 15–20 მ აღწევს, ვარჯი პირამიდულია, ფესვი – მთავარღერძიანი და ნაკლებდატოტვილი, ფოთოლი – კვერცხისებრი, მუქი მწვანე, პრიალა და დაკბილული, ყვავილი – თეთრი (იშვიათად – ვარდისფერი ან წითელი), ნაყოფი – სხვადასხვა ფორმის, ყვითელი, მწვანე ან ლოყაწითელი, ძალიან წვრილი (25 გ) ან მსხვილი (300 გ და მეტი). მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლებად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩამორჩება ვაშლსა და ალუბალს; იზრდება მრავალგვარ ნიადაგზე (გარდა ქვიშიანი, ბიცობი და დამლაშებული ნიადაგისა), უკეთ ხარობს შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე. ჯიშების უმეტესობა ჯვარედინად იმტვერება. სწრაფმზარდ საძირეზე ნამყენი მ. მსხმოიარობას იწყებს 5–6 წლიდან და მეწლეობა ნაკლებად ახასიათებს. აგროტექნიკის დაცვის შემთხვევაში ნაყოფს იყენებენ ნედლად, გამხმარს, ამზადებენ წვენს, ღვინოს, კომპოტს, ჩაის, ცუკატს და სხვ. კულტ. მ-ის საძირეა პანტა, ბერყენა, კომში. მისი ზოგიერთი სახეობის მერქანს იყენებენ დურგლები და ხარატები, ამზადებენ მუს. ინსტრუმენტებს.
მ. უძველესი კულტურაა. ცნობილია 5000-მდე ჯიში, საქართველოში – 150-მდე. მოსავლიანობა საშუალოდ 1 ჰა-ზე არის 5 ტ. განარჩევენ მ-ის ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ჯიშებს. საქართველო მ-ის წარმოშობის ერთ-ერთ კერად ითვლება, აქ გავრცელებულ ადგილობრივ ჯიშებს ყოფენ გულაბად, პანტად, კალოს მ-ად და ხეჭეჭურად. მრავლდება მყნობით, თესლით (სელექციაში ახალი ჯიშის გამოსაყვანად). მავნებლებია: ტკიპა, ნაყოფჭამია, ფსილა, ბაღლინჯო, ხერხია, კოკრიჭამია, ცხვირგრძელა და სხვ.; დაავადებები: მ-ის ჟანგა, ქეცი, ნაცარა, სიდამპლე და სხვ. 2008-იდან ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნ. ცენტრის (2014-იდან სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრი) ჯიღაურას ექსპერ. ბაზის მიერ საქართველოში შემოტანილია მ-ის სხვადასხვა ჯიში: აბატი ფეტელი და წითელი ვილამსი (საფრანგეთი), კარმენი და სანტა მარია (იტალია), კონკურენსი (ინგლისი). მ-ის ახ. ჯიშები გასავრცელებლად რეკომენდებულია მეხილეობის სამრეწვ. რეგიონებში, შეზღუდულად გავრცელებისათვის – სამოყვარულო მეხილეობაში (საკარმიდამო ნაკვეთებზე).
ლ. გოგინავა
შ. დიასამიძე