„მუდმივი დასი“, „მუდმივი სცენა“, პროფესიული დასი თბილისში. შეიქმნა 1879. ამავე წლის 5 სექტემბერს წარმოადგინეს ბ. ჯორჯაძის „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ და რ. ერისთავის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული პიესა „იჭვიანი’’. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვ. აბაშიძე, ნ. გაბუნია, მ. საფაროვა-აბაშიძისა, მ. ყიფიანი და სხვ. (რეჟ. გ. თუმანიშვილი). „დასის პირობაში“. განსაზღვრული იყო მსახიობის უფლებები და დასის შედგენის დემოკრატიული პრინციპები. ამხანაგობაში გაერთიანდნენ საქართვ. გამოჩენილი მოღვაწეები: დ. ყიფიანი, გ. თუმანიშვილი, დ. ერისთავი, ნ. ავალიშვილი და სხვ. 1882 დადგეს დ. ერისთავის „სამშობლო“ (ლ. მესხიშვილის მონაწილეობით) და ა. ყაზბეგის „არსენა“. გაფართოვდა დასის მხატვრული შესაძლებლობები, შეიქმნა კომედიური და დრამ. რეპერტუარი. ამ განსხვავებული სათეატრო ესთეტიკის ფორმირების, მისი სტილის დადგენისა და დამკვიდრებისათვის ბრძოლის პროცესში გამოიკვეთა ქართ. თეატრის გზა. იგი მოიცავდა არა მარტო 80–90-იანი წლების, არამედ მის შემდგომ პერიოდსაც. „მ. დ-ის“ ფორმირებით გ. ერისთავის „დრამატურგის თეატრი“ თანდათან შეიცვალა „მსახიობის თეატრით“, რ-შიც სპექტაკლის ძირითადი მხატვრული ამოცანები და ღირებულებები მსახიობის ოსტატობას ეყრდნობოდა. 1881 მუდმივი დასის მსახიობები იყვნენ: ვ. აბაშიძე, ლ. მესხიშვილი, ნ. გაბუნია, მ. საფაროვა, კ. მესხი, ბ. ავალიშვილი, ბ. კორინთელი, მ. ყიფიანი, ა. ცაგარელი, ა. ყაზბეგი (მოხევე) და სხვ. თეატრის რეპერტუარში იყო უ. შექსპირის, მოლიერის, ფ. შილერის, ნ. გოგოლის, ა. ოსტროვსკის, ლოპე დე ვეგას, პ. ბომარშეს და სხვათა ნაწარმოებები. ქართ. მწერლობიდან იდგმებოდა ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ა. ცაგარლის, დ. ერისთავის, გ. წერეთლის, დ. კლდიაშვილის და სხვათა ნაწარმოებები. „მ. დ-ის“ დრამ. რეპერტუარის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ი. მაჩაბლის მიერ თარგმნილმა უ. შექსპირის პიესებმა. ქართ. შექსპირიანის ისტორიის სათავე და მისი მიმართულების განსაზღვრა დაკავშირებული იყო ი. მაჩაბლის სახელთან. XIX–XX სს. მიჯნაზე შეიქმნა დიდი რეალისტური სასცენო ხელოვნება, რ-იც XX ს. 10-იან წლებში უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა. მოგვიანებით გაჩნდა მოდერნისტული თეატრის მრავალი განშტოება, მ. შ.: სიმბოლისტური (ი. გედევანიშვილის „სინათლე“, ს. შანშიაშვილის „ბერდო ზმანია“), ნატურალისტური (ტ. რამიშვილის „საბედისწერო დამბაჩა“) და სხვ. ტენდენციები. გამოჩნდა მსახიობთა ახ. თაობები, წარმოიქმნა ახ. რეჟისორული აზროვნება (ა. წუწუნავა, მ. ქორელი, ვ. შალიკაშვილი, ა. ფაღავა). ქართ. თეატრის ისტორიაში „მ. დ-ს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან საფუძველი ჩაუყარა შემდგომში მსოფლიოში სახელგანთქმულ რუსთაველის თეატრს.
თ. კახიანი