მუნში (არაბ. monsi – მწერალი, მდივანი), საბუთების შემდგენი, მწერალი. ტერმინს ისლამურ ქვეყნებში სახელმწ. კანცელარიის ოქმის მწერლის აღმნიშვნელად იყენებდნენ. სეფიანურ ირანში მ-ის, ანუ სახელმწიფო მწერლის დაქვემდებარებაში იყო 27 მწერალი, რ-საც ემორჩილებოდნენ პროვინციების მ-ები. მ-ის ხელში იყო შაჰის კორესპონდენციების ნაწილი (ფარვანა, ჯავაბნამე, მისალი). პროვინციების მ-ებს მთავარი მ-ისათვის უნდა მიეწოდებინათ ადგილ. ცნობები და საქმიანობის ანგარიშები. ასეთი მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო მ. საქართველოშიც. იგი გვიანფეოდალურ საქართველოში მწერლის ფუნქციას ასრულებდა. საქართველოდან ირანში წერილები იგზავნებოდა როგორც შაჰის საპასუხოდ, ისე იმდროინდელი ამბების გადმოსაცემად. ასეთ წერილებს სპარსულის მცოდნე მ. ან ვაყანავისი (მდივანი) წერდა.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მ-ის თანამდებობა, ვეზირთან და მუსტოფთან ერთად, ქართლში დაწესდა როსტომ მეფის (1633–58) დროს. მისივე სიტყვით, „მუნშობა ყიზილბაშური რიგისაა“. მ-ის სამოხელეო სახელი ასევე დამოწმებულია „დასტურლამალში“, თუმცა თითქმის ყველა ხელნაწერში ეს ტერმინი დამახინჯებულად „მუშის“ ფორმით გვხვდება. „დასტურლამალის“ 1729-ის ხელნაწერში ვეზირი, მუსტოფი და მ. ერთ საგნობრივ რიგშია მითითებული. ეს პირები ირანის სამეთვალყურეო აპარატს შეადგენდნენ და მათი მოვალეობა იყო ქართლის ვალის, როგორც შაჰის ვასალის მეთვალყურეობა.
ლიტ.: გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017.
ი. უჯმაჯურიძე