კრაწაშვილი დათო გიორგის ძე

დ. კრაწაშვილი

კრაწაშვილი დავით გიორგის ძე (9.VII. 1963, თბილისი, — 13. VII. 1980, იქვე), მხატვარი, პოეტი. სწავლობდა 31-ე სამხატვრო სკოლაში. 1978  დაამთავრა თბილ. მეორე ექსპერ. სკოლა და ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიასთან არსებული მუს. ათწლედი ფორტეპიანოს განხრით. ამავე წელს ჩაირიცხა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყ-ბაზე, რ-ის მხოლოდ ორი კურსის დასრულება მოასწრო. სამწუხაროდ, იგი 17 წლისა გარდაიცვალა. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, დატოვა თითქმის 1000-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, თუმცა, სავარაუდოდ, მემკვიდრეობის ნაწილი დაკარგულია. მის პირველ მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევა 11 წლის ასაკში შესრულებული „კახეთის პეიზაჟი“. მიუხედავად ტექნიკური თვალსაზრისით არსებული ნაკლოვანებებისა, სურათის ემოციურ წყობაში მკაფიოდ იგრძნობა ავტორის ინტუიციური, შემოქმედებითი კავშირი ბუნებასთან. იგი მშვენიერებას ეძებს, თუმცა ესთეტიკური საწყისების ძიებასთან ერთად მისთვის მთავარია ყოფიერების სიმართლისა და ადამიანის არსის პრობლემის  ასახვა. აღსანიშნავია, რომ კ-ის ნამუშევრებს ახასიათებს საოცარი სიღრმე და ფორმის ნატიფი შეგრძნება. მის მიერ შესრულებული პორტრეტები, ავტორის ასაკის გათვალისწინებით, გაჯერებულია მრავალშრიანი აზროვნებითა და ფილოსოფიური ხედვით. იგი ცდილობს ჩასწვდეს ადამიანის ყოფიერების ფუნდამენტურ საიდუმლოებას — კაცობრიობის გაჩენისა და არსებობის არსს.

1979 თბილ. ხელოვნ. მუშაკთა სახლში გამართულ ჯგუფურ გამოფენაზე საუკეთესო კომპოზიციისათვის „წვიმიანი დღე“ დაჯილდოვდა სიგელითა და პრიზით („ვენერა“), რ-იც მის სიცოცხლეში ერთადერთ ოფიციალურ აღიარებად დარჩა. კ-ის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 1981 შავნაბადას ახალგაზრდული ქალაქის საგამოფენო დარბაზ „ფიროსმანში“. შემდგომ წლებში ამას მოჰყვა არაერთი გამოფენა როგორც საქართველოში, ისე − მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: თბილისში (1982, 2007), მოსკოვში (1982, 85), სანქტ-პეტერბურგსა (1983) და ბულგარეთში (1988), სიღნაღში (2009), ხოლო 2022 −  საქართვ. ეროვნ. გალერეაში სახელწოდებით „დრო“.

შემორჩენილია კ-ის 35 ლექსი და 10-მდე დღიური. მისი პოეზია, რ-ის მთავარი მოტივები დრო, სიკვდილი, სამშობლო, სიყვარული, თბილისი და სულიერი ძიებებია, გამოირჩევა სიღრმისეული და ტრაგიკული განცდებით. 

კ. აღიარებულია  „პატარა გენიოსად“.

1988 აშშ-ის ჯ. სმითსონის საერთაშ.  ასტრონომიულმა ცენტრმა  3146 ნომრით ცნობილ პლანეტას უწოდა „დათო”.

 

თ. გერსამია