ლეჟავა ალექსანდრე (სანდრო) თეიმურაზის ძე

ა. ლეჟავა

ლეჟავა ალექსანდრე (სანდრო) თეიმურაზის ძე (დ. 20. VII. 1970, თბილისი),  ბიოლოგი, გენეტიკოსი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2005).

 დაამთავრა თსუ-ის  ბიოლოგიის ფაკ-ტი გენეტიკის სპეციალობით (1992).  სამეცნ. მოღვაწეობა დაიწყო იაპონიაში, ჰიროსიმას უნ-ტში (1997–1999). იყო იაპონიის ფიზ.-ქიმ. კვლევების ინ-ტის (RIKEN) გენომური მეცნიერების ცენტრის ლაბორ-ის ხელმძღვანელი (2000–2010), სადაც მიენიჭა პროფესორის წოდება. სამეცნ. კვლევა გააგრძელა აშშ-სა და სინგაპურის უნ-ტებში. იყო მიწვეული პროფესორი ოჰაიოს სახელმწ. უნ-ტში  (აშშ; 2007–08).  2011 წლიდან დღემდე  მუშაობს სინგაპურში  გენომის ინ-ტის (Genome Institute of Singapore) ტრანსლაციური კვლევის ლაბორ-ის ხელ­მძღვანელად  და  პროგრამულ  დირექტორად. პარალელურად ხელმძღვანელობს კომპა­ნია POLARIS-ს, რომელიც უზრუნველყოფს გენომური ტექნოლო­გიების დანერგვას კლინიკურ მედიცინაში. არის მრავალი სტატიის ავტორი მაღალრეიტინგულ  საერთაშ. გამოცემებში.

მისი მეთოდოლოგიით შესაძლებელი გახდა ონკოლოგიური დაავადებების, ტუბერკულიოზისა და კეთრის მკურნალობაში ახალი მიდგომების დანერგვა.

არის 11 ტექნიკური გამოგონებისა და  4 საერთაშ. პატენტის ავტორი მოლეკულური დიაგნოსტიკის სფეროში.

იაპონიაში სამეცნ. მოღვაწეობისა და მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს Suzuken Memorial Foundation-ის ჯილდო (2007), გენომური ტექნოლოგიების განვითარებისთვის კი - სხვადასხვა  საერთაშ.  სამეცნ. გრანტი და პრემია.