ელიაშვილი არჩილ ივანეს ძე

ა. ელიაშვილი

ელიაშვილი არჩილ ივანეს ძე [25. VII (7. VIII). 1904, თბილისი, – 16. XII. 1971, იქვე], მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში, საქართველოში ავტომატიკის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1927 დაამთავრა გრენობლის (საფრანგეთი) პოლიტექ. ინ-ტი. ე-ის ხელმძღვანელობით ჩატარდა ფოთისა და მისი მიდამოების ელექტრიფიკაცია. მონაწილეობდა საქართველოს ენერგოსისტემის პირველი კვანძებისა და უბნების დაპროექტებაში. 1956 მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს მეცნ. აკად. ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექან. ინ-ტი (შემდგომში ა. ელიაშვილის სახ. მართვის სისტემების ინსტიტუტი), რ-საც იგი გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. ე-ის თაოსნობით დაიწყო და გაიშალა საქართველოში პირველი სამუშაოები მათ. ლინგვისტიკისა და ავტომ. თარგმნის დარგში. მონაწილეობდა ,,ტექნიკური ტერმინოლოგიის" შედგენაში (გ. ნიკოლაძის სახ. პრემია, 1978, გარდაცვალების შემდეგ).

თხზ.: დიფერენციალურ განტოლებათა მატრიცული ინტეგრების გამოყენება ელექტრულ წრედებში გარდამავალი პროცესების ანგარიშისათვის, «საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე», 1945, ტ. 6, N4; ასოთა წყვილების სტატისტიკა ქართულ სალიტერატურო ენაში, «ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინ-ტის შრომები», 1960, ტ. 1 (თანაავტ. თ. გაჩეჩილაძე).