დანიელ მიტროპოლიტი

დანიელ მიტროპოლიტი, (ერისკაცობაში – დავით გრიგოლის ძე დ ა თ უ ა შ ვ ი ლ ი) (დ. 29. V. 1955, თბილისი), სასულიერო მოღვაწე.

1977 დაამთავრა თბილისის თეატრალური ინ-ტის კინომცოდნეობის ფაკ-ტი, რის შემდეგაც გაიარა სტაჟირება მოსკ. კინოს თეორიისა და ისტ. ინ-ტში. 1983 აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1985 წ. 28 აგვისტოს – მღვდლად. დაინიშნა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად. პარალელურად გახდა სამთავროს დედათა მონასტრის მოძღვარი.

1990 მიიღო დეკანოზის წოდება. 1990 წ. 1 ნოემბერს აღიკვეცა ბერად სიონის საკათედრო ტაძარში. მალევე გახდა არქიმანდრიტი და დაინიშნა სვეტიცხოვლის წინამძღვრად. 1991 საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, რ-ის თავმჯდომარედ დ. მ. დამტკიცდა. ამავე წელს დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. 1992 წ. 22 მაისს ხელდასხმულ იქნა ბოდბელ ეპისკოპოსად, ამავე წლის 25 დეკემბერს – ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრად, ხოლო 1993 – ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსად.

1995-იდან დ. მ. შეთავსებით მართავს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას. 1999 მარგვეთის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. 2000 ცხუმ-აფხაზეთის, 2002 – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტია. 2010 დეკემბრიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია გადავიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამგებლობაში და დ. მ. დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მოქმედ მღვდელმთავრად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და დ. მ-ის ხელმძღვანელობით მოეწყო (1989) წმ. ნინოს მოლოცვითი გზა ფარავნიდან მცხეთამდე, რ-იც დღემდე გრძელდება. დროდადრო სწირავს დმანისში, წყნეთსა და სხვა ახლად გახსნილ ეკლესიებში; ხელმძღვანელობს მრევლის შეკრებებს, წმინდა ადგილების მოლოცვას (გელათი, ახალი ათონი, კამანი და სხვ.) და სამრევლო ჯგუფებს, რ-ებიც უვლიან უპატრონო მოხუცებულებსა და ავადმყოფებს.

დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენით (2007).