ეგეოსური კულტურა, ეგეოსის ზღვის აუზში ბრინჯაოს ხანაში გავრცელებული კულტურების ერთობლიობის ზოგადი სახელწოდება. ძირითადად მოიცავდა კონტინენტურ საბერძნეთს, კ. კრეტას, კიკლადებსა და ეგეიდის სხვა კუნძულებს, ასევე გარკვეულწილად სწვდებოდა ანატოლიის დას. სანაპირო ზოლს. ბერძნ. მითოლოგიაში, რ-საც სისტემატურად მიმართავდა როგორც ლიტერატურა, ასევე სახვითი ხელოვნება, უხვად იყო შემონახული ინფორმაცია ეგეიდაში ისტორიულად ცნობილ ცივილიზაციამდე დიდი კულტურების არსებობის შესახებ, მაგრამ ახალ ევროპაში მითები მინოსის კრეტის, ე. წ. დევკალიონის წარღვნის, თებეს გარშემო განვითარებული მოვლენების, არგონავტების ლაშქრობის, ტროას ომისა და სხვათა შესახებ დიდხანს მიაჩდათ ბერძნ. ფანტაზიის ნაყოფად. მხოლოდ XIX ს. მეორე ნახევრიდან, როდესაც ჰ. შლიმანმა ჩრდ.-დას. ანატოლიაში მდებარე ჰისარლიქის მაღლობზე ლეგენდარული ტროა, შემდეგ კი კონტინენტურ საბერძნეთში მიკენური ეპოქის უმნიშვნელოვანესი ცენტრები აღმოაჩინა, ხოლო ა. ევანსმა კ. კრეტაზე ბრინჯაოს ხანის ბრწყინვალე მინოსური ცივილიზაცია გამოავლინა, საფუძველი ჩაეყარა ეგეოსურ არქეოლოგიას, რ-იც დღემდე გვაოცებს ახალ-ახალი უნიკალური აღმოჩენებით. მართალია, ტერმინი ე. კ. ძირითადად მოიცავს ბრინჯაოს ხანის კულტურებს, მაგრამ ეგეოსური კულტურის ერთიანობას (ეგეოსურ კოინეს) საფუძველი ნეოლითიდან ეყრება, როდესაც სამხრ.-აღმ. ანატოლიის ცნობილი ნეოლითური ჩათალ-ჰუიუქის კულტურის დიფუზიის შედეგად ხმელთაშუაზღვისპირეთში გარკვეულწილად ერთიანი კულტურული სივრცე იქმნება. ადრინდ. ბრინჯაოს ხანაში, რ-იც ძირითადად ძვ. წ. III ათასწლეულს მოიცავს, ეგეიდაში ოთხი კულტურული წრე ჩამოყალიბდა: ა) აღმოსავლეთეგეოსური, რ-იც აერთიანებს ანატოლიის დას. სანაპიროს ტროადის ჩათვლით და მიმდებარე კუნძულებს (ლემნოსი, ლესბოსი, სამოსი); ბ) ადრეელადური _ სამხრ. და ცენტრ. საბერძნეთში; გ) ადრეკიკლადური, რ-იც აერთიანებს კონტინენტური საბერძნეთის სამხრ.-აღმ. წრიულად განლაგებულ 220-მდე კუნძულს; დ) ადრემინოსური კრეტა. თითოეული ეს წრე გამოირჩევა ლოკალური თავისებურებებით, თუმცა მათ შორის შეინიშნება ინტენსიური ურთიერთობები, იდეებისა და მიღწევების ურთიერთგაცვლა (განსაკუთრებით მეტალურგიაში, ზღვაოსნობასა და ოქრომჭედლობაში), რომ აქ უკვე შეიძლება ეგეოსურ კოინეზე მსჯელობა, რ-იც არა მარტო კულტურულ, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, ენობრივ ერთიანობასაც გულისხმობს. ამ პერიოდში ე. კ-ის გავლენის არეალში ექცევა ცენტრ. და დას. ხმელთაშუაზღვისპირეთის არაერთი რეგიონი, თვით იბერიის ნახევარკუნძულის ჩათვლით. საკმაოდ წინწასული ჩანს კიკლადური კულტურა თავისი აბსტრაქტული პლასტიკით და აღმ. ეგეიდა ტროა II-ის ე. წ. „პრიამოსის" საგანძურით. ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისათვის ე. კ-ის ფარგლებში შეინიშნება დიდი ნგრევა, რისი მიზეზიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი იყოს: დას. ანატოლიიდან და მიმდებარე კუნძულებიდან ხალხთა მოძრაობა, სოც.-ეკონ. კრიზისი, კლიმ. ცვლილებები და გეოლ. კატასტროფები. როგორც ჩანს, ამ ცვლილებებმა ე. კ. განვითარების ახ. ფაზაზე გადაიყვანა, რამაც განსაკუთრებით მინოსური კრეტა დააწინაურა. აქ შუამინოსურ პერიოდში, რ-იც შუა ბრინჯაოს ხანასა და გვიანდ. ბრინჯაოს დასაწყისს ემთხვევა (ძვ. წ. 2160–1600), შეიქმნა ბრწყინვალე მინოსური კულტურა; იგი ეგეიდაში პირველ მაღალგანვითარებულ ცივილიზაციად შეიძლება მივიჩნიოთ. მინოსური კულტურის არეალში მოექცა კიკლადები, მისი ძლიერი გავლენა იგრძნობა კონტინენტურ საბერძნეთსა და აღმ. ეგეიდაში. ძლიერი ფლოტის წყალობით მინოსელებმა საზღვაო გზები შექმნეს რამდენიმე მიმართულებით: სამხრ. პელოპონესი (კ. კითერის გავლით), ანატოლიის სამხრ.- დას. და ცენტრ. რეგიონები (კ. კარპათოსის, როდოსის, სამოსისა და კნიდოსის, ასევე კარიული იასოსის გავლით). როგორც უკანასკნელი აღმოჩენები მოწმობს, საზღვაო გზა თვით ეგეიდის ჩრდ.- აღმ-ით მდებარე სამოთრაკიამდე აღწევდა. კონტინენტური საბერძნეთის ისეთ მნიშვნელოვან რეგიონებთან, როგორიც იყო არგოლისი, ატიკა, თესალია, მინოსელები იყენებდნენ აკროტირის კ. თერაზე, ფილაკოპის კ. მელოსზე და აგია ირინის კ. კეოსზე გამავალ გზას. მინოსური კულტურა მალე პარადიგმატული ხდება ეგეიდისათვის, მისი გავლენა შეიმჩნევა აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთში (ალალაჰი, თელ კაბრი), კვიპროსზე, ეგვიპტეში. შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ თავად ეგეიდაში უკვე ე. წ. მინოსური კოინეს პერიოდია დამყარებული, რადგან ამ რეგიონის მკვიდრნი ძირითად კულტურულ იმპულსებს სწორედ მინოსური კრეტიდან იღებენ. გაოცებას იწვევს კრეტელთა მიღწევები ადამიანური შემოქმედების მრავალ სფეროში. ყურადღებას იქცევს შენობების არქიტექტონიკა (კომფორტული, ლაბირინთისებური სასახლეები), შესანიშნავი ფრესკული და კერამიკული ფერწერა, მცირე პლასტიკისა და ოქრომჭედლობის დახვეწილი ტექნიკა, ქალაქმშენებლობის მაღალი კულტურა, დამწერლობის განვითარებული სისტემა, საზ. ცხოვრების ორგანიზაციის საშური დონე; ყოველივე ეს და ძლიერი ფლოტი კრეტას ეგეიდაში წამყვან პოლიტ. და კულტ. ძალის პოზიციებს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უნარჩუნებდა. ისევე როგორც ეგეიდის სხვა უძველესი მკვიდრნი: პელასგები, ლელეგები..., მინოსელები წინაბერძნული მოსახლეობის ორგ. ნაწილს წარმოადგენდნენ და მათი ენა ბერძნების გამოჩენამდე აქ არსებულ ენათა ეგეოსური ოჯახის წევრი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით ძვ. წ. 1600-იდან მინოსური კულტურა მოულოდნელ დაქვეითებას იწყებს. ამის მიზეზად თანამედროვე მეცნიერები ასახელებენ კ. თერაზე მომხდარ, ცივილიზებული სამყაროს არსებობის განმავლობაში ყველაზე გამანადგურებელ და ძლიერ ვულკანურ ამოფრქვევას. იგი, მკვლევართა აზრით, ძვ. წ. XVII ს. მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო, თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი, ძირითადად არქეოლ. მასალაზე დაყრდნობით, ამოფრქვევას დაახლ. 1500 წლით ათარიღებს. ვულკანური ამოფრქვევით გამოწვეული მიწისძვრა, ცუნამი, ფერფლი, საკმარისი ფაქტორები იყო თერიდან 100 კმ დაშორებული მინოსური კრეტის პოლიტ. და ეკონ. ცხოვრების სტრესულ მდგომარეობაში ჩასაგდებად, ხოლო დროთა განმავლობაში სრული კოლაფსის მდგომარეობაში შესაყვანად. დაახლოებით ძვ. წ. XVII ს-ში კონტინენტურ საბერძნეთში ასპარეზზე გამოდიან მიკენელები ანუ ბრინჯაოს ხანაში ეგეიდაში შემოსული ბერძნები, რ-თაც ჰომეროსი სამი ტერმინით აღნიშნავს: აქაველები, არგოსელები, დანაელები. მიკენური ეპოქის ცენტრებიდან კონტინენტურ საბერძნეთში აღსანიშნავია: მიკენე, პილოსი, თებე, იოლკოსი, ხოლო კრეტაზე კნოსოსი. თუკი თავდაპირველად მიკენელები კრეტელ მმართველთა ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ, რასაც, შესაძლოა, თესევსის და ლაბირინთიის მითიც ეხმიანება, და თუკი მიკენური ელიტა ხელოვნებაში მინოსური სტილისადმი ძლიერ ლტოლვას ამჟღავნებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, მიკენურ საბერძნეთში აღმოჩენილ ოქროს ნაკეთობებში შეინიშნება, დაახლოებით ძვ. წ. XV ს. მიწურულიდან მიკენელები თავად იქცნენ ეგეიდაში წამყვან პოლიტ. და კულტ. ძალად და მათ მთლიანად ჩაანაცვლეს მინოსელები. მართალია, მიკენურ კულტურაში კვლავ საგრძნობია მინოსური ტრადიციის გავლენა, მაგრამ აქ უკვე რელიეფურად იკვეთება განმასხვავებელი ნიშნებიც: ამაღლებულ ადგილებზე აშენებული გამაგრებული ნაგებობები და საომარი მოქმედებებისაკენ სწრაფვა, საბრძოლო იარაღი და ოქროს ნივთების სიუხვე, მიცვალებულთა სახეებზე ოქროს ნიღბების დაფარება, ე. წ. შახტისებური სამარხების შთამბეჭდავი სიდიდის გუმბათოვანი სამარხებით შეცვლა და ა. შ. ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთში ე. წ. ზღვის ხალხთა ინტენს. გადაადგილება შეინიშნება, რ-საც ვეებერთელა ეთნიკური და სოციალურ-ეკონომიკური ძვრები მოჰყვა. სავარაუდოდ, ამ პროცესის მსხვერპლი სხვა ცნობილ ძვ. კულტურებთან ერთად (ხეთები, უგარიტი) მიკენური საბერძნეთის ცენტრებიც აღმოჩნდა, რამაც ბიძგი მისცა მათ დაქვეითებას და საბერძნეთის ისტორიაში ე. წ. „ბნელი წლების" დაწყებას. დღეს ე. კ-ის სამი უმთავრესი რეგიონის პერიოდიზაცია ამგვარად გამოიყურება: კონტინენტური საბერძნეთი: ადრეელადური – ძვ. წ. 2800–2100, შუაელადური – ძვ. წ. 2100–1500, გვიანელადური – ძვ. წ. 1500–1100; კრეტა: ადრემინოსური – ძვ. წ. 3650–2160, შუამინოსური – ძვ. წ. 2160–1600, გვიანმინოსური – ძვ. წ. 1600–1170; კიკლადები: ადრეკიკლადური – ძვ. წ. 3300– 2000 (2500–2100 წწ. ე. წ. კასტრის კულტურა მიმართებას გვიჩვენებს ადრეელადური კულტურის II და III ფაზებთან); ძვ. წ. 2000-იდან მოყოლებული კიკლადები მინოსური კოინეს ორგანული ნაწილი ხდება. ე. კ. ცნობილია თავისი დამწერლობის სისტემებით: კრეტული იეროგლიფური, რომლისგანაც უნდა განვითარებულიყო მარცვლოვანი A-ხაზოვანი დამწერლობა, ამ უკანასკნელისგან კი B-ხაზოვანი და C-ხაზოვანი, რ-ის საფუძველზეც ძვ. წ. XII ს-იდან უნდა აღმოცენებულიყო ე. წ. კვიპროსული მარცვლოვანი დამწერლობა. მას იყენებდნენ კვიპროსზე დამკვიდრებული ბერძნები – არკადოკვიპროსელები. ეგეოსური დამწერლობებიდან 1952 მ. ვენტრისმა მოახერხა B-ხაზოვანის გაშიფვრა, რ-საც ეგეიდაში დამკვიდრებული ბერძნები იყენებდნენ. რაც შეეხება გაუშიფრავ სისტემებს, ისინი აქაველი ბერძნების ეგეიდაში ამოსვლამდე აქ დამკვიდრებული წინაბერძნული ენის თუ ენების წერილობითი ფიქსაციისათვის გამოიყენებოდა. წინაბერძნული მოსახლეობის (ეტეოკრეტელები, პელასგები, ლელეგები) ენების მიმართ ინტერესი მეცნიერებაში XIX ს. მიწურულიდან გაძლიერდა, როდესაც გამოქვეყნდა პ. კრეჩმერის ცნობილი წიგნი „ბერძნული ენის ისტორიის შესავალი" (1896), რ-შიც იგი ბერძნ. ენაში შემონახული არაინდოევროპული წარმომავლობის ელემენტებს გამოყოფდა, როგორც ს ი ტ ყ ვ ა თ მ ა წ ა რ მ ო ე ბ ე ლ ი აფიქსების, ასევე ლექსიკური ფორმატივების დონეზე. მას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა საბერძნეთის უძველესი მოსახლეობის ენის არაინდოევროპულად გამოცხადების საკითხში (ა. ფიკი, ი. ჰუბერი, ა. მეიე, ა. დებრუნერი და სხვ.). XX ს. დასაწყისში (1906) ანატოლიაში სოლისებრი (ლურსმული) წარწერების უმდიდრესი არქივის აღმოჩენამ და მისი დიდი ნაწილის გაშიფვრამ (1915) ნათელი გახადა, რომ ინდოევროპული ენები (ხეთური, ლუვიური, ფალაური) ანატოლიაში უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში იყო გავრცელებული. ამან ინდოევროპელთა ხმელთაშუაზღვისპირეთში შემოსვლის თარიღი სულ ცოტა ერთი ათასწლეულით უკან გადაწია. აქედან მოყოლებული მეცნიერებაში გაჩნდა სხვადასხვა თეორიები, რ-ებიც ელინების ეგეიდაში დამკვიდრებამდე არსებულ წინაბერძნულ ენად (თუ ენებად) რომელიღაც არაბერძნულ ინდოევროპულ (პელასგურ, ლუვიურ) ენას მიიჩნევდნენ. B-ხაზოვანი წარწერების გაშიფვრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ გვიანბრინჯაოს ხანის საბერძნეთში ძირითადი მოსახლეობა ბერძნულენოვანი იყო, ხოლო როგორც A-ხაზოვანი დამწერლობის ტექსტებისა და თავად ბერძნულში უხვად არსებული დაუდგენელი ეტიმოლოგიის ფორმატივების ანალიზი გვიჩვენებს, დღეს მეტი საფუძველი გვაქვს, წინაბერძნული ენობრივი სამყარო ძირითადად არაინდოევროპულად მივიჩნიოთ. ჯერ კიდევ 1972 ჰოლანდიელმა მეცნიერმა ე. ი. ფურნეემ თავის წიგნში „უმნიშვნელოვანესი კონსონანტური მოვლენები წინაბერძნულში" სცადა ჩამოეყალიბებინა ის ძირითადი კრიტერიუმები, რ-თა საფუძველზე შესაძლებელია წინაბერძნული არაინდოევროპული ენობრივი შრის გამოყოფა. მისი თვალსაზრისი ამჟამად იმდენად დამაჯერებლად არის მიჩნეული, რომ რ. ბეეკესის ბერძნულის ეტიმოლოგიურ ლექსიკონში (2010) ძველი ბერძნულის ლექსიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ფურნეე-ბეეკესის კრიტერიუმებით არაინდოევროპულ წინაბერძნულ ენობრივ შრეს განეკუთვნება. რაც შეეხება თავად ამ შრის ენობრივი კუთვნილების საკითხს, უკანასკნელ ხანებში ერთგვარი რეგენერაცია განიცადა ე. წ. კავკასიურმა, კერძოდ, ქართველურმა ჰიპოთეზამ, რ-საც არაერთი ქართვ. თუ უცხოელი მეცნიერი უჭერდა მხარს (ნ. მარი, ს. ყაუხჩიშვილი, პ. ბერაძე, ი. ჰუბშმიდი, ა. ურუშაძე და სხვ.). თუკი თავდაპირველად წინაბერძნულქართველური ენობრივი პარალელები სავარაუდო უძველესი მედიტერანული ერთიანობის მემკვიდრეობად მიიჩნეოდა, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ პარალელების უმეტესობა ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნაზე ქართველურ ტომთა ერთი ნაწილის ეგეიდაში მიგრაციის შედეგია (რ. გორდეზიანი). წინაბერძნულქართველური ჰიპოთეზა ამჟამად არსებული ყველა არგუმენტის გათვალისწინებით „მედიტერანულქართველური მიმართებების" ოთხტომეულში ამგვარად ჩამოყალიბდა: ნეოლითიდან მოყოლებული სამხრ.-აღმ. ანატოლიიდან ე. წ. ჩათალ-ჰუიუქის კულტურის თანდათანობითი დიფუზიის შედეგად ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთგვარი ენობრივ- კულტ. კოინე შეიქმნა, რ-იც დას-ით პირინეის ნახევარკუნძულს, ხოლო აღმ-ით კავკასიას სწვდებოდა. ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულისათვის იწყება კავკასიიდან ეგეიდისა და დას. ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ კავკასიურ, უპირატესად ქართველურ ტომთა მძლავრი მიგრაციები, რ-ებიც ორი მარშრუტით მიმდინარეობდა – სამხრ. და ჩრდ. შავიზღვისპირეთის გაყოლებით. ქართველური კომპონენტი აღწევს ევროპის გვიანინდოევროპულ ენობრივ სივრცეს, ხოლო ეგეიდისა და დასავლეთ ანატოლიის რეგიონში ყალიბდება მინოსურდასავლეთანატოლიურ-პელასგური ერთიანობა, რ-შიც დომინანტური არის ქართველური ენობრივი კომპონენტი (რ. გორდეზიანი, ე. ი. ფურნეე). ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან ამ ერთიანობის დიფერენციაციის პროცესის კვალდაკვალ თანდათანობით წარმოიშვა არაინდოევროპული, შესაძლოა, კვაზიქართველური ენები: მინოსური, ლელეგური, პელასგური, დას. ანატოლიური, მოგვიანებით ტირსენიული, ეტრუსკული და სხვ. ეს ენები, მკვლევართა უმეტესობის აზრით, ერთმანეთის მონათესავეა და ისინი წინაბერძნული ენობრივი სამყაროსათვის დამახასიათებელ ნიშნებს გვიჩვენებენ. თავის მხრივ, წინაბერძნულ (პირობითად, პელასგურ)- ქართველური ენობრივი შეხვედრები ამგვარადაა კლასიფიცირებული: ა) ფონოლოგიის დონეზე – როგორც ხმოვნებში, ასევე თანხმოვნებში ე. ი. ფურნეეს, რ. ბეეკესისა და რ. ა. ბრაუნის რეკონსტრუქციების გათვალისწინებით იკვეთება შორსმიმავალი პარალელები; განსაკუთრებით საყურადღებოა მიმართებები სიბილანტებში (ე. ი. ფურნეე, რ. გორდეზიანი). რ. ბეეკესის მიერ გამოყოფილი წინაბერძნულისათვის დამახასიათებელი და პროტო თუ საერთოინდოევროპულისათვის იშვიათი თითქმის ყველა ბგერათა ჯგუფი დასტურდება ასევე ქართველურში; წინაბერძნულისათვის დამახასიათებელი ბგერათმონაცვლეობის თითქმის ყველა ტიპი (ე. ი. ფურნეე) პარალელს პოულობს ქართველურ ენებში (რ. გორდეზიანი), ბ) მორფოლოგიის დონეზე – წინაბერძნული და ქართველური დეიქტური პრეფიქსები/ პროთეტული ხმოვნები a, i, u; სავარაუდო s,a-, s,e- და s,i, ასევე la-, l,e-, li- პრეფიქსები; n-ს შემცველი პრეფიქსები (ე. ი. ფურნეე, რ. გორდეზიანი) ag- პრეფიქსი; რ. ბეეკესის მიერ გამოყოფილი 132 წინაბერძნული სუფიქსის აბსოლუტური უმეტესობა დასტურდება ქართველურ ენობრივ სამყაროში, მათ შორის –is(a) და –nth. გ) ლექსიკის დონეზე – ბერძნულში შემონახულ დაახლოებით 800-მდე წინაბერძნულ ფორმატივს, ქართველური ჰიპოთეზის მომხრეთა აზრით, უკვე შეიძლება მოენახოს მიმართება იმ ქართველურ ფუძეებთან, რ-ებიც ქართველური ენების ერთიანობის დონეზე აღდგება. მათ შორისაა სულ სხვადასხვა სემანტიკური ჯგუფის ერთეულები. უკანასკნელ ხანებში ქართ. მეცნიერებაში ქართველური ენების მონაცემთა გათვალისწინებით წინაბერძნული ჯერ გაუშიფრავი წერილობითი დოკუმენტების ინტერპრეტაციის ცდა შეინიშნება, მაგ.: ფესტოსის დისკოს (გ. კვაშილავა), ვრცელი A-ხაზოვანი ტექსტების, ასევე ბერძნ. ფონეტ. გრაფემებით შესრულებული ეტეოკრეტული და ლემნოსის სტელის ტექსტებისა (რ. გორდეზიანი). ე. კ-ის არეალიდან ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან მოყოლებული შეინიშნება ხალხთა მოძრაობის დაწყება სხვადასხვა, მ. შ. კავკასიის მიმართულებით, რაც ათასწლეულის ბოლოსათვის ე. წ. „ზღვის ხალხების" დამანგრეველი შემოსევების სახეს იღებს. ანტ. წყაროებმა შემოგვინახეს ცნობები, რ-თა თანახმად კავკასიისკენ არაერთგზის მომხდარა აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთიდან გადმოსახლება: 1. აიეტი კოლხიდაში ეფირადან გადმოსახლდა (ევმელოს კორინთელი ); 2. კავკასიელი იბერიელები და ალბანები თესალიელებისგან არიან წარმოშობილნი არგონავტთა ლაშქრობის შედეგად (ტაციტუსი); 3. კავკასიელი აქეველები ორქომენელი კოლონისტები არიან, რ-ებიც აქ ტროას ომის შემდეგ გადმოსახლდნენ (სტრაბონი); 4. არგონავტ დიოსკურების მეეტლეებმა (ჰენიოხებმა) დაასახლეს ჰენიოხია (სტრაბონი); 5. მაკრონები ანუ მაკრიტელები პელასგური ტომია, რადგან ისინი ევბეელთაგან არიან გადმოსახლებულნი (აპოლონიოს როდოსელი, სქოლ.); 6. ხალიბები ევბეადან გადასახლდნენ (ვერგილიუსის „გეორგიკების" 1,58 განმარტებები); 7. კრეტელმა კოლონისტებმა კავკასოსთან დააარსეს ქალაქი ტარრა (სტ. ბიზანტიონელი); 8. ჰეროდოტეს მიხედვით, კოლხები ეგვიპტელი სესოსტრისის ლაშქრის აღმ. შავიზღვისპირეთში დარჩენილი ერთი ნაწილიდან არიან წარმოშობილნი. ის, რომ ეს ცნობები გვიანბრინჯაოს ხანის ეგეიდიდან კავკასიის მიმართულებით რეალურად მომხდარ გადმოსახლებებს ეხმიანება, უკვე დიფერენცირებულ ქართველურ ენებში ე. წ. ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ მ ე დ ი ტ ე რ ა ნ უ ლ ი ლექსიკური ფორმატივებითაც დასტურდება: აბლაკი, აკვანი, ალი, ბაგა, ბავშვი, გალია, მაღარო, ომი, ოფიჩო, პარკი, სელაპი, ურო და სხვ. (ე. ი. ფურნეე, რ. გორდეზიანი). ე. კ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა მრავალრიცხოვანი ანტ. წერილობითი ტექსტითა თუ სახვითი ხელოვნების ნიმუშებით გადმოცემული არგონავტების თქმულება. ის ასახავს ე. წ. გმირთა ეპოქის ამბებს, რ-ებიც მითოლ. ქრონოლოგიის მიხედვით, დაახლ. ძვ. წ. XIV ან XIII ს-ში ანუ მიკენურ ეპოქაში უნდა მომხდარიყო. თანამედროვე მეცნიერებაში არ არის აზრთა ერთიანობა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა უკვე თქმულების უძველეს ვერსიებში არგონავტების ექსპედიციის მიზანი აღმ. შავიზღვისპირეთში მდებარე კოლხიდა. რამდენადაც ჰომეროსი და არქაული ხანის პოეტები ოქროს საწმისის ადგილსამყოფლად აიას და არა კოლხიდას ასახელებენ, ამასთანავე მიკენურ ეპოქაში ესოდენ შორეული საზღვაო ექსპედიცია ნაკლებად სავარაუდოა, მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თავდაპირველად თქმულებაში ფიგურირებდა მხოლოდ ზღაპრული აია, რ-იც, შესაძლოა, სულაც არ მოიაზრებოდა (ა. ლესკი, მ. კ. ასტური, ჰ. დრეგერი) ან მოიაზრებოდა შავიზღვისპირეთში, მაგრამ არა კოლხიდაში (ვ. ჰაასი, მ. ვესტი). აიას გაიგივება კოლხიდასთან მხოლოდ ძვ. წ. VIII საუკუნის ანუ ჰომეროსის ეპოქის შემდგომ უნდა მომხდარიყო, როდესაც დიდი კოლონიზაციის შედეგად ბერძნებმა კოლხიდას მიაღწიეს. მეცნიერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვარაუდობს, რომ არგონავტების ლაშქრობის მიზანი, თქმულების მიხედვით, თავიდანვე კოლხიდა უნდა ყოფილიყო, რასაც ადასტურებს შემდეგი ფაქტები: ა) ჰომეროსი, რ-იც იცნობს არგონავტთა თქმულების ლემნოსის ეპიზოდს, შეიძლება გულისხმობდეს, რომ არგო მოძრაობს მხოლოდ შავიზღვისპირეთისკენ; ბ) როგორც ტ. სევერინის (1984) და ვოლოსელი ბერძნების (2009) მიკენური გემთმშენებლობის პრინციპით აგებული ხომალდების ექსპერიმენტულმა ექსპედიციებმა დაადასტურა, გვიანბრინჯაოს ხანაში ბერძნებს შეეძლოთ მოეღწიათ შავი ზღვის სანაპიროებამდე; ამასთანავე უკანასკნელი არქეოლ. გათხრები ადასტურებს, რომ იმ ეპოქაში ტროა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ეგეიდასა და შავ ზღვას შორის ხომალდებით მიმოსვლის საქმეში; გ) ბერძენი არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ვოლოსის (ისტორიული იოლკოსი) რეგიონში წარმოებული არქეოლ. გათხრები მიგვითითებენ გვიანბრინჯაოს ხანაში მიკენურ საბერძნეთსა და კოლხიდას შორის არსებული კონტაქტების კვალზე, ამასვე უნდა ადასტურებდეს B-ხაზოვან დოკუმენტებში ეთნონიმ კოლხიდელის მოხსენიების ორი ფაქტი; დ) თქმულების უძველეს ვერსიებში დადასტურებული ოქროს საწმისის ქვეყანასა და მის მკვიდრებთან დაკავშირებული ის საკუთარი სახელები და ტერმინები, რ-ებიც არ განეკუთვნებიან ე. წ. მეტყველ ბერძნ. ფორმატივთა ჯგუფს და გვიჩვენებენ ქართველურ ეტიმოლოგიას: FaÖsiõ (*ფათ-ი ფოთი), Povla (*რბ-ოლ-ა), Mჰვდეია (š*მეზდია š*მზდია š*მზია), Kივრკჰ (š*კარ-/კირ-/კრ-), კწÖაõ (š*ტყაუ¤-), მწÖლუ (š*მოლ- ან *ბოლ-) და სხვ. ყოველივე ამასთან ერთად, თუკი გავითვალისწინებთ გვიანბრინჯაოს ხანაში კოლხიდის ტერიტორიაზე ბრწყინვალე კოლხური კულტურის არსებობის ფაქტს, ე. კ-ის მიკენურ "„სეგმენტსა" და დას. საქართველოს შორის შესაძლებელი კონტაქტების არსებობას რეალური საფუძველი ექნება.
ლიტ.: გ ო რ დ ე ზ ი ა ნ ი ლ., მიკენური საბერძნეთი B-ხაზოვანი წარწერების შუქზე, თბ., 1998; გ ო რ დ ე ზ ი ა ნ ი რ., ეგეოსური კულტურა ბრინჯაოს ხანაში, «მიმომხილველი», 1968, ტ. 4–5; მ ი ს ი ვ ე, წინაბერძნული და ქართველური, თბ., 1985; მ ი ს ი ვ ე, ბერძნული ცივილიზაცია, ტ. 1, თბ., 1988; მ ი ს ი ვ ე, მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, ტ. 2 – წინარებერძნული, ტ. 3 – ეტრუსკული. დასკვნითი კომენტარები, თბ., 2007; ჩ ო თ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., ეგეოსური დამწერლობათა სისტემები, თბ., 2003; B e e k e s R., Etymological Dictionary of Greek, vols. 1–2, Leiden, 2010; B u c h h o l z H. G., K a r a g e o r g h i s V., Altägäis und Altkypros, Lpz., 1972; D e g e r - J a l k o t z y S., Ägäische Koiegvipturine, DNP 1, 143–156, 1996; F u r n é e E. J., Die wichtigsten konsonantischen Erscheinungen des Vorgriechischen, Den Haag, 1972; მისივე, Vorgriechisch–Kartvelisches, Leuven, 1979; მისივე, Beiträge zur georgischen Etymologie, Fasz. 1, Leuven, 1982; მისივე, Paläokartvelisch-Pelasgische Einflüsse in den indogermanischen Sprachen, Leiden, 1986; The Argonautica and World Culture, I, II, «Phasis», 10(I), 10(II), 2007.
რ . ბ. გორდეზიანი