„დასაწყისი“

„დასაწყისი“, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულების ყოველდღიური პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1908. რედაქტორ-გამომცემელი – გ. მაჭავარიანი.

გაზეთის მუდმივი მნიშვნელოვანი რუბრიკები: „მუშათა შორის", „ახალი ამბები", „პროვინცია", „რუსეთის ამბები", „მიმოხილვა", „სახელმწიფო დუმა", „უცხოეთი", „დეპეშები", „საზღვარგარეთ", „წერილები რედაქციის მიმართ". პერიოდულად იყო სხვა რუბრიკებიც: „ადგილობრივი პრესა", „ბიბლიოგრაფია" და სხვ.; გაზეთთან თანამშრომლობდნენ ა. ჩხენკელი, ს. ჭელიძე, რაჟდენ კალაძე (ფსევდ. „რაჟდენიძე").

წერილების ნაწილი გამოქვეყნებულია ფსევდონიმებით („ვალია", „ბანკო", „კნიაზი", „ლომანსო", „პარნასი", „შეკბენილი", „ფოთელი ბზიკი", მუშა გლურჯიძე და სხვ.). გაზეთში ხშირად იბეჭდებოდა მშრომელთა ცხოვრების, მათი სოც. და პოლიტ. მოთხოვნების ამსახველი წერილები.

დაიხურა თბილ. გენ.- გუბერნატორის განკარგულებით. მის ნაცვლად 1908 გამოვიდა გაზ. „მერცხალი“.

ლიტ.: გ ა გ ო შ ი ძ ე  შ., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ნაკვ. 1, თბ., 2004.

ც. ნოზაძე