დაშბაში

დაშბაში, ტ ა შ ბ ა შ ი, სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), ჭოჭიანის პლატოზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 1500 მ, წალკიდან 2,5 კმ. 367 მცხ. (2002).

სოფლის ძვ. სახელია ახალქალაქი (იხ. ახალქალაქი თრიალეთისა). სოფელში ორი ეკლესიაა, ერთი – წმ. გიორგისა – „თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა (წარწერის მიხედვით X– XI სს.), მეორე ეკლესია – თლილი ქვით ნაგები უგუმბათო შენობა. დ-ის მიდამოებში არის ლავებში ღრმად ჩაჭრილი კანიონი, რ-ის მარჯვ. ქარაფოვან გვერდში გამოქვაბულთა ჯგუფია. ეს გამოქვაბულები ძირითადად ადამიანის მიერ არის გამოკვეთილი, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აშკარად ემჩნევა, რომ ბუნებრივი სიღრუისგან გაჩნდა (არის ლავური ნაღვენთები).

დაშბაშის კანიონი შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".