დაშნაკცუთიუნი

დაშნაკცუთიუნი, („სომეხთა რევოლუციური ფედერაცია"), პოლიტიკური პარტია. ჩამოყალიბდა 1890 თბილისში.

1892 „დ-ის“ პირველმა ყრილობამ მიიღო პროგრამა და წესდება, რ-იც მიზნად ისახავდა სომეხი ხალხის კონსოლიდაციას და სახელმწიფოებრიობის აღდგენას დემოკრატიზმის საფუძვლებზე. I მსოფლიო ომის წლებში „დ-ს“ ეკავა რუს. მთავრობის პოზიცია. შექმნა შეიარაღებული რაზმები ოსმ. იმპერიის ქვეშევრდომ სომეხთა დასაცავად და ე. წ. „დიდი სომხეთის" აღსადგენად „ისტ. საზღვრებში".

1917–18 წლებში მონაწილეობდა ამიერკავკ. კომისარიატის და ამიერკავკ. სეიმის საქმიანობაში. 1918 მაისში „დ-მა" ითავა სომხ. დამოუკიდებელი დემოკრ. რესპ. ჩამოყალიბება და 1918–20 წარმოადგენდა მმართველ პარტიას. სახელმწიფოს სათავეში ყოფნისას „დ-მა" დღის წესრიგში დააყენა ტერიტორიული პრეტენზიები მეზობელ ქვეყნებთან.

საქართველოსაგან იგი მოითხოვდა ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებს, პრეტენზია ჰქონდა საზღვაო გასასვლელზე ბათუმის ოლქში, ერთხანს თბილისსაც კი სომხეთის საკუთრებად მიიჩნევდა. ასეთ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა საქართველო-სომხეთის შეიარაღებული კონფლიქტი (იხ. საქართველო-სომხეთის ომი 1918).

1920 ნოემბერში, სომხეთში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ, „დ-მა" შექმნა კოალიციური მთავრობა სომხეთის კომპარტიასთან ერთად, მაგრამ 1921-იდან „დ." აიკრძალა. მას თავისი ორგანიზაციები აქვს აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ირანსა და სხვა ქვეყნებში. „დ-ს“ არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა სომხ. დამოუკიდებლობისათვის.

სსრკ დაშლის შემდეგ „დ.“ ლეგალური და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტია გახდა. 2007–09 შედიოდა სამთავრობო კოალიციაში.

2009-იდან ოპოზიციაში უდგას ოფიც. ხელისუფლებას.

ა. სურგულაძე